დღეს, პარლამენტში, გაიმართა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის გაფართოებული სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე.
სხდომას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და დირექტორის მოადგილეები ნიკოლოზ კვეზერელი, მირონ ჩიგოგიძე და ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვარლამ ბზიკაძე.
კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა მიხეილ ხურციძემ წარადგინა 2018 წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები. კერძოდ, ისაუბრა რეგიონული სამმართველოების განვითარების აუცილებლობაზე, პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებზე, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე, სამხედრო ჰოსპიტალის მშენებლობის გეგმებზე და სხვა უწყების საჭირბოროტო საკითხებზე.
კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს პარლამენტის წევრებმა. მათ შორის საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ენძელა მაჭავარიანმა, ლევან გოგიჩაიშვილმა,გრიგოლ ლილუაშვილმა და სხვებმა.