14 დეკემბერს გაიხსნა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი ოფისი. ახალი შენობის გახსნის ცერემონიას  საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

„ვეტერანის წოდება იწვევს განსაკუთრებულ მოწიწებას და, რა თქმა უნდა, მათ მიერ გაკეთებული საქმე გვაძლევს ჩვენ დღეს იმის საშუალებას, რომ ვიცხოვროთ მშვიდობიან ქვეყანაში და მშვიდობიანად ვაშენოთ ჩვენი შვილებისთვის ხვალინდელი დღე“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი ოფისის გახსნაზე.
პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ვეტერანებს შემდეგი სიტყვებით მიმართა „ჩვენ სათანადოდ ვერ მივუზღავთ ამ ადამიანებს იმას, რაც მათ გაიღეს ჩვენი ქვეყნისთვის და სახელმწიფო იზრუნებს, რომ ამ მიმართულებით გააძლიეროს საკუთარი ძალისხმევა. ჩემთვის ცნობილია, რომ მზადდება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ჩვენ კიდევ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დადეს სასწორზე ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და ნათელი მომავლისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა აქ მყოფ ვეტერანს კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა“

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს 2016 წლის დეკემბრიდან  ბრიგადის გენერალი ვლადიმერ იმნაძე ხელმძღვანელობს. ოფისი აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე ტექნიკით, რაც ეფექტურს ხდის სახელმწიფო უწყების ფუნქციონირებას.
ცერემონიის ფარგლებში გაიხსნა ფოტოხელოვან შაჰ აივაზოვის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია. გამოფენა მიეძღვნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. ფოტოხელოვანმა საკუთარი უნიკალური ფოტო-კოლექცია საჩუქრად გადასცა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.
საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოქმედი სამთავრობო დაწესებულება, 1997 წელს ნატოსთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. 2004 წლის დეკემბრიდან ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად ჩამოყალიბდა, ხოლო 2011 წელს დეპარტამენტი თავდაცვის სამინისტროს დაექვემდებარა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფად გარდაიქმნა. ,,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, 2014 წლის 23 იანვრიდან, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურად ჩამოყალიბდა.

სამსახურის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა, რომელიც ზედამხედველობას უწევს სამსახურის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აგრეთვე სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტურობას.