სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული 71 მებრძოლი „ვახტანგ გორგასლის“ I, II და III ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდა
საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 27 სექტემბრის #27/09/03 განკარგულებით, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობის, გმირობის და თავდადებისთვის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომში დაღუპული 71 მებრძოლი ვახტანგ გორგასლის I, II da III ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდა.
დაჯილდოვების ცერემონია შედგა 18 იანვარს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.
მოწვეულ სტუმრებს, ოჯახის წევრებს და ნათესავებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ იმნაძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
“წლების მერე მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც გმირულად შესწირა თავი ჩვენი სამშობლოს ერთიანობას და მთლიანობას.
საქართველოს დამოუკიდებლობის საწყისი პერიოდი იყო უაღრესად მძიმე, იმიტომ, რომ პირველივე დღეებიდან ჩვენ მოგვიხდა ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვა. ამისათვის მზად არ იყო სახელმწიფო, მაგრამ მზად იყო ჩვენი ერი, მზად იყვნენ ის ადამიანები, ვინც პატრიოტული სულისკვეთებით წავიდნენ სამშობლოს დასაცავად.
მათ ზურგს არ უმაგრებდნენ არც სახელმწიფო ინსტიტუტები, არც არავითარი სისტემა, მაგრამ ყველაზე ძლიერი რაც იყო, რაც აერთიანებდათ ამ ადამიანებს ეს იყო ქვეყნის სიყვარული”, – განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის ვლადიმერ იმნაძის განცხადებით, ეს პროცესი გაგრძელდება და სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული ყველა მებრძოლი დაჯილდოვდება.
ორდენები ოჯახის წევრებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ, დირექტორის მოადგილემ მირონ ჩიგოგიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ალექსანდრე (აკია) ბარბაქაძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ გადასცეს.