ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიხსნა ფოტოგამოფენა: „სამშობლოსათვის“.
გახსნის ცერემონიას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები ჯანდრი უბირია და მირონ ჩიგოგიძე უწყების თანამშრომლებთან ერთად. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქ. თბილისის ვ.გზირიშვილის სახელობის 173-ე და გ.კიკნაძის სახელობის 182-ე საჯარო სკოლების მოსწავლეები, სამხედრო მოსამსახურეები, სტუდენტები, ვეტერანები, ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები და ახლობლები..
გამოფენა ეძღვნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილე მეომრების წარმოჩენასა და დაფასებას, საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას, უახლოესი წარსულის გაცნობას. აგრეთვე, იმ ადამიანების პოპულარიზაციას, რომლებმაც სიცოცხლის რისკის ფასად შემოგვინახეს ეს ისტორიული კადრები.
გამოფენაზე გამოტანილია სერგო ედიშერაშვილის, გურამ მგალობლიშვილის, ივანე შლამოვის, გოგა შარაშენიძის, გოგი ცაგარელის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი გედენიძის, ბორის სოკოლოვის, ფელიქს კრიმსკისა და სხვა ფოტოგრაფთა მიერ საომარი მოქმედებების ზონაში გადაღებული ფოტოები.
ფოტოგამოფენა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ერთი კვირის მანძილზე დარჩება. შემდეგ კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს მოივლის.