ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, 14 აპრილს, ნიქოზის ამბულატორიულ ცენტრში, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის თანამშრომლებმა, ნიქოზში მცხოვრებ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარეს. მემორანდუმის ფარგლებში მომსახურეობა გაეწია უწყების 100-მდე ბენეფიციარს. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, ნიქოზის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ მელანიშვილი და ნიქოზის მერი, გიორგი ლაზარაშვილი. ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მობილურმა ჯგუფმა ჩაატარა C ჰეპატიტის სკრინინგი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის გასული წლის 10 აპრილს გაფორმდა. კარდიოლოგიურ ცენტრში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. უფასო სამედიცინო მომსახურებით (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა) ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები.