2018 წლის 20 აპრილს, 17 საათზე,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ‘’არმი ჰოლში,’’ ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის პრემიების ლაურეატმა, ‘’ღირსების ორდენის’’ კავალერმა, კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთათვის გამართა კონცერტი, რომელიც მიეძღვნა სამშობლოსათვის დაცემული გმირების ხსოვნას და იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნისთვის იბრძოდნენ და დღესაც მის სადარაჯოზე დგანან. კონცერტში,ასევე, მონაწილეობა მიიღეს ‘’თეატრალური კვარტეტმა’’,მომღერალმა ცისანა სეფიაშვილმა და პოეტმა ნანა ცინცაძემ.
„ძალიან აღელვებული და ამავე დროს, გახარებული და ბედნიერი ვარ,რადგან დღეს ვასრულებ მსახიობის, მომღერლის, მუსიკოსის უმაღლეს და უზენაეს ვალდებულებას-ვხვდები იმ საზოგადოებას, რომელიც ძალიან მიყვარს, პატივს ვცემ და ვაფასებ იმ გზას, რომელიც მათ ჩვენი ქვეყნის დასაცავად აირჩიეს! ესენი არიან ჩვენი უსაყვარლესი ვეტერანები და ჯარისკაცები. ამიტომაც, ალბათ, გასაგებია ჩემი და ჩემი კოლეგების მღელვარება.ვისურვებდი, რომ ხშირად ტარდებოდეს ასეთი ღონისძიებები, რათა უფრო მეტად შევძლოთ სიყვარულით სავსე ჩვენი გულები დავდოთ ამ ხალხის წინაშე და მათ სიხარული მივანიჭოთ. ძალიან დიდი მადლობა ამ ულამაზესი საღამოს ორგანიზებისთვის, რადგან კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენთვის ამ უსაყვარლეს ადამიანებს მოვფერებოდით.“-განაცხადა ჯემალ სეფიაშვილმა.
„თითოეული ადამიანი, ვეტერანი, ჯარისკაცი, ვინც აქ სიყვარულით მოვიდა, ცხადია, აქედან გახარებული წავა,რადგან ბატონი ჯემალიც, ცისანაც, „თეატრალური კვარტეტის“ ბიჭებიც, მეც სიყვარულით მოვედით თქვენთან, რომ კიდევ ერთი ლამაზი გაზაფხულის საღამო გაჩუქოთ. იდგე იმ ადამიანების გვერდით, ვინც ჩვენს სამშობლოს ემსახურებოდნენ და დღესაც მის სადარაჯოზე დგანან, ვინც ღირსეულად იხდის ვალს ჩვენი ქვეყნის წინაშე, ყველაზე დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. სიამაყით ვარ სავსე,როცა ამ ღირსეულ ადამიანებს ვუყურებ და უბედნიერესი ვარ-დღეს შემიძლია, თითოეულ მათგანს მოვეფერო ჩემი პოეზიით, რადგან ამ ხალხზე დგას ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი!“-დამსწრეთ მიმართა პოეტმა, ნანა ცინცაძემ.
კონცერტს ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები.