ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა  და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  ორგანიზებით ბორჯომში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებსა და რაიონში მცხოვრებ  ვეტერანებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. მობილური ჯგუფის სხვადასხვა პროფილის კვალიფიციურმა ექიმებმა ასობით ვეტერანს და მათი ოჯახის წევრებს სათანადო სამედიცინო მომსახურება გაუწიეს. აქცია მოიცავდა ექოსკოპიურ და კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევებს,ასევე, აქციის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მობილურმა ჯგუფმა ჩაატარა C ჰეპატიტის სკრინინგი. სამედიცინო გამოკვლევების შედეგად გამოვლენილი დაავადებების მქონე ბენეფიციარებს საჭიროებისამებრ დაურიგდათ მედიკამენტები.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, სულხან აბესაძე,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.