24 აპრილს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და ვეტერანები მჭადიჯვრის საჯარო სკოლას ეწვივნენ. სკოლაში, რომელიც საოკუპაციო ხაზიდან 5 კილომეტრითაა დაშორებული, მოძრავ გამოფენას, „სამშობლოსათვის“, ელოდნენ. წარმოდგენილი ფოტოები მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს. მეშვიდე კლასის მოსწავლემ, შმაგი გელოვანმა ერთ-ერთ ფოტოზე მამამისი, მაიზერ გელოვანი ამოიცნო. „ძალიან მომეწონა ღონისძიება, რადგანაც ომის ამბები თვალსაჩინოდ იყო წარმოდგენილი. მამაჩემის ფოტოც ვნახე და რაც გულით მინდოდა მეთქვა, ის ლექსით გამოვხატე“, – გვითხრა შმაგი გელოვანმა. ბავშვებმა პატრიოტული ლექსები წაიკითხეს და ვეტერანებისაგან ცალკეული გმირების ისტორიები მოისმინეს. ზაზა და თემურ არათანაშვილები, მიხეილ ბუზალაძე, ჯემალ წულიაშვილი და მალხაზ მალუტაშვილი მჭადიჯვრის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები იყვნენ, მათ სიცოცხლე საქართველოს ერთიანობას შესწირეს. დღევანდელ ღონისძიებაზე პედაგოგებმა ისინიც გაიხსენეს და მოსწავლეებს მათ დამსახურებაზე კიდევ ერთხელ მოუთხრეს.
მოძრავი გამოფენა „სამშობლოსათვის“ მიმდინარე წლის 29 მარტს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა და მან მთელი საქართველო უნდა მოიცვას, როგორც კულტურის ცენტრები, ისე სასწავლო დაწესებულებებიც. გამოფენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიების ეპიზოდებს ასახავს. მასზე წარმოდგენილია ფოტოხელოვანების: სერგო ედიშერაშვილის, ვლადიმერ ვალიშვილის, გიორგი შარაშენიძის, ირაკლი გედენიძის, გიორგი აბდალაძის, გიორგი ცაგარელის, ივანე შლამოვის, ფელიქს კრიმსკისა და სხვათა ფოტოები.