ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანი იყო კიევში 24-25 აპრილს ორგანიზებულ სამიტზე: „ ვეტერანების გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა’’ დასწრება, რომელსაც უკრაინის უმაღლეს რადასთან და ვეტერანების საპარლამენტო კომიტეტთან ერთად, ორგანიზება გაუწია ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ორგანიზაციებმა: „მარშალის ფონდი“, „სამხედრო სამსახურის უნივერსიტეტი“, „გაერთიანებული შეიარაღება“ და სხვ. სამიტზე ფართოდ იქნა განხილული ვეტერანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები.სამიტის მონაწილეებმა ისაუბრეს თემებზე: ‘ვეტერანების ჯანდაცვა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია’, ‘’ვეტერანთა ოჯახების დახმარება და საზოგადოებაში მათი ჩართულობის გაძლიერება’’ და სხვ. სამიტი გახსნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა, პავლო რეზკომ, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა უკრაინის ვეტერანთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ,ალექსანდრ ტრეტიაკოვმა და უკრაინის ვეტერანებისთვის დღეს არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.. გარდა სამიტში მონაწილეობისა, ვიზიტის მიზანი ასევე, იყო უკრაინული მხარისთვის საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გამოცდილების გაზიარება. ალექსანდრ ტრეტიაკოვმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ სტუმრებს და აღნიშნა, რომ სამიტში მათი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინული მხარისთვის, რომელიც ვეტერანთა სამინისტროს შექმნას გეგმავს. ქართველებისგან გამოცდილების გაზიარების შესახებ უკრაინულ მხარეს რეკომენდაცია ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ორგანიზაციებმა მისცეს, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურა და მუშაობა რეგიონში სამაგალითოა. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და კანადის წარმომადგენლებთან შედგა ნაყოფიერი შეხვედრები ქართველი ვეტერანების ჯანმრთელობის,საზოგადოებაში მათი როლის გაძლიერების და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მიზნობრივი პროგრამების შესამუშავებლად. ამ მიზნით,მხარეებმა გამოთქვეს სურვილი საქართველოში მსგავსი სამიტის ჩატარებისა, რომელიც ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge