ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ორგანიზებით, ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მხარდაჭერით, 5 მაისს, გურჯაანში, კურორტ „ახტალაზე,“ რაიონში მცხოვრებ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარდათ. მემორანდუმის ფარგლებში, მომსახურეობა გაეწია უწყების 150-მდე ბენეფიციარს. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, სულხან აბესაძე, სამსახურის კახეთის რეგიონული წარმომადგენელი, თამაზ კალატოზიშვილი, გურჯაანის მერის პირველი მოადგილე, სიმონ ქოჩორაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილი, ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი, გიორგი მაჩხაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების განყოფილების უფროსი, სოფიო ქუმსიშვილი.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის გასული წლის 10 აპრილს გაფორმდა. კარდიოლოგიურ ცენტრში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, კვლავაც ჩატარდება კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. უფასო სამედიცინო მომსახურებით (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა) ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები.