მიმდინარე წლის 17 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკონფერენციო დარბაზში, ჩატარდა ‘’ვეტერანთა საკონსულტაციო საბჭოს’’ სხდომა, რომელსაც ამ საბჭოს წევრი, თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია დაესწრო.
სხდომის დასაწყისში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ბატონმა ვლადიმერ იმნაძემ განაცხადა: ‘’ ვეტერანთა საკონსულტაციო საბჭო’’ შეიქმნა იმისთვის, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თქვენ, ვეტერანების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, კომუნიკაციის პრობლემა არ შეგქმნოდათ. ჩვენ ერთმანეთთან სასაუბროდ არ უნდა გვჭირდებოდეს სხვა გზების ძიება, როცა გვაქვს უმოკლესი და ყველაზე ეფექტური გზა, ერთმანეთისთვის ხმის მიწვდენისა, საჭირ-ბოროტო საკითხების განხილვისა და, თუნდაც, ყველაზე მწვავე პრობლემებზე ცხარე დისკუსიისა. მე თავად ვეტერანი ვარ და არ ვიქნები გულწრფელი, თუ ვიტყვი, რომ ვერ ვხედავ პრობლემებს, ჯერ კიდევ გამოსასწორებელ სოციალურ თუ საკანონმდებლო ხარვეზებს, რაც ვეტერანებს ეხება, თუმცა, იმ სასიკეთო ძვრების არ აღნიშვნა, რომელიც დღეს სახელმწიფოს მხრიდან, ვეტერანების ყოფის გასაუმჯობესებლად კეთდება, რბილად რომ ვთქვა, უმადურობა და დაუნახავობა იქნებოდა. ჩვენ გვახსოვს და წარმოუდგენელია, თქვენც არ გახსოვდეთ ის პერიოდი, როდესაც ვეტერანების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება, გმირთა მოედანზე მათი დევნაზე, შეურაცხყოფასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადიოდა! როცა არც ერთი საკანონმდებლო აქტი არ იქნა მიღებული ვეტერანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. პირიქით_სწორედ წინა ხელისუფლების მიერ, 2009 წლის 4 ნოემბრის დადგენილებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმდებებში მონაწილის სტატუსის მქონე პირებს შეეზღუდათ ყოველთვიური, 22 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობის უფლება. აღნიშნული დადგენილების თანახმად, სუბსიდიით ისარგებლებდნენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც სუბსიდიის დანიშვნის მომენტში აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ, როგორც სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები. ხოლო 2012 წლის პირველი სექტემბრიდან კი ამ 22 ლარიანი სუბსიდიის მიმღებ პირთა წრე კიდევ უფრო შევიწროვდა და აღნიშნული სუბსიდია გაიცემა მხოლოდ სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირებზე. არავინ ვდაობთ იმაზე, რომ წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული ეს უსამართლო მემკვიდრეობა, ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ, შესაცვლელია და ჩვენ ყველამ, მთავრობასთან ერთად, ბევრი უნდა ვიმუშაოთ ყველა იმ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რაც დღეს ვეტერანებს გვაწუხებს. სწორედ ამიტომაც გამოვედით ინიციატივით, შექმნილიყო ‘’ვეტერანთა საკონსულტაციო საბჭო’’.
საბჭოს სხდომაზე დამსწრეთ 2017 წლის ანგარიში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნუგზარ კაიშაურმა წარუდგინა. დამსწრეთ იმსჯელეს იმ მიზნებისა და ამოცანების შესახებ, რომლებიც ჩატარებული სამუშაოების მიუხედავად, ჯერ ისევ მწვავედ დგას როგორც სოციალურ, ჯანდაცვის, ვეტერანთა დასაქმებისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის, ასევე, საკანონმდებლო კუთხით და რომელზედაც მთავრობასთან ერთად, მუშაობა ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს. სხდომის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ საკითხზე_ვეტერანების ჰოსპიტალზე, რომელზე სასაუბროდაც მოწვეული იყო ვეტერანთა ჰოსპიტლის დირექტორი, ბატონი ლევან ჯუღელი. საბჭოს წევრებს ლევან ჯუღელმა წარუდგინა პრეზენტაცია, რომელზედაც დეტალურად იყო განხილული თბილისში, კედიას ქუჩაზე, თავდაცვის სამინისტროს მიერ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისთვის ვეტერანთა ჰოსპიტლისთვის გადმოცემული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების, მისი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღჭურვის, მედპერსონალის გადამზადების და ექსპლუატაციაში შესვლის ვადების შესახებ. საბჭოს წევრებმა ერთხმად აღიარეს ვეტერანებისთვის განკუთვნილი ჰოსპიტლის აუცილებლობა და მოიწონეს წარმოდგენილი გეგმა და ხედვები.
საბჭოს წევრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა 140 საწოლზე გათვლილი,ვეტერანთა მრავალპროფილური, უმაღლესი დონის ჰოსპიტლის წარმოდგენილმა პროექტმა, რომელიც თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, მერიის მიერ ვეტერანების საქმეთა სახელმიწფო სამსახურისთვის გადმოცემულ 5 306 კვ.მ ფართობზე უნდა აშენდეს და რომლის ღირებულებაც 30 000 000 – 52 000 000$-მდეა. დეტალურად იყო ასახული ჰოსპიტლის სტრუქტურა, საოპერაციო, ‘’ემერჯენსი’’, სარეაბილიტაციო, ამბულატორიული, დიაგნოსტიკური ბლოკი. ასევე, წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა საკურორტო ზონებში ვეტერანებისთვის ფიზიკური რეაბილიტაციის ცენტრების პროექტი, რომლის ღირებულებაც 60 000 000$ მდეა და რომელიც, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობიდან გამომდინარე, შესძლებს, უმაღლესი დონის მომსახურება გაუწიოს არა მხოლოდ ქართველ, არამედ პარტნიორი ქვეყნების ვეტერანებსაც. ამ გრანდიოზული პროექტების განსახორციელებლად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა სპონსორებთან და პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. სწორედ პოტენციურ სპონსორებთან შეხვედრას მიეძღვნა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, ვლადიმერ იმნაძის, დირექტორის მოადგილის, მირონ ჩიგოგიძის და სამსახურის სხვა თანამშრომელთა ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში, პარიზში მიმდინარე წლის 8-11 მაისს. ქართულ-ამერიკული ბიზნეს-ფორუმის ორგანიზებით გამართულ შეხვედრებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციასთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძე და პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე. ამერიკულმა მხარემ უდიდესი ინტერესი და სურვილი გამოთქვა აღნიშნული პროექტის განხორციელებაში დახმარებისა, რასაც მათ მიერ, 14 მაისს გამოგზავნილი წერილი ცხადჰყოფს: ‘’ დარწმუნებული ბრძაბდებოდეთ, რომ მეც და ჩვენი გუნდიც_’’ქვანტუმი’’ ყველაფერს გააკეთებს, რაც ჩვენს ძალებშია, რათა ქართველ ვეტერანებს ჰქონდეთ თანამედროვე და პროფესიონალურად მართული სამედიცინო და სარეაბილიტაციო დაწესებულება, რომელსაც ისინი დიდი ხანია იმსახურებენ.’’ (ამონარიდი წერილიდან) თუმცა, როგორც ბატონმა ვლადიმერ იმნაძემ აღნიშნა, სპონსორების მოძიების პროცესი გრძელდება და საბოლოოდ შეირჩევა ის კომპანია, ვინც ვეტერანებისთვის მრავალპროფილურ ჰოსპიტალთან ერთად, სარეაბილიტაციო ცენტრების აშენების ყველაზე მისაღებ პირობებს შემოგვთავაზებს.
როგორც დასასრულ, ვლადიმერ იმნაძემ აღნიშნა, ‘’ვეტერანთა საკონსულტაციო საბჭოს’’ წევრთა შორის შეხვედრები და აქტუალურ საკითხებზე დისკუსია ინტენსიურად გაგრძელდება, რაც ვეტერანებისთვის საჭირბოროტო საკითხების მოგვარებაში, მათი ჯანდაცვის, სოციალური პრობლემების გადაჭრაში, ვეტერანებისთვის საკანონმდებლო ბაზის სრულყოფასა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის საქმეში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.