მიმდინარე წლის 20 მაისს, დაბა მანგლისის კულტურისა და დასვენების პარკში, აიპ  ‘’ომის ვეტერანების დასაქმებისა და ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრის’’, (ხელმძღვანელი, ლერი ხორხელი,) ინიციატივით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის, გიორგი ქორიძის, რაიონის დეპუტატის, მანგლისის გამგეობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელშეწყობით, გაიხსნა მემორიალი 1993 წელს, აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული თორმეტი მებრძოლის სახელზე. თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტმა დააკმაყოფილა აიპ  ‘’ომის ვეტერანების დასაქმებისა და ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრისა’’და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თხოვნა და მანგლისის კულტურისა და დასვენების პარკს ‘’ომის ვეტერანთა სახელობის პარკი’’ ეწოდა. მანგლისის პირველ საჯარო სკოლაში კი დაღუპული მებრძოლების მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალზე აღმართული ჯვარი აკურთხა მანგლელმა მიტროპოლიტმა, ანანიამ (ჯაფარიძე) მან ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად შეკრებილნი დალოცა და მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.