მიმდინარე წლის 25 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ‘’გენერალთა კლუბის’’ ინიციატივით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, საქართველოს გენერლები შეიკრიბნენ და ერთმანეთს, ჩვენი ქვეყნის ყველა ჯარისკაცს, ვეტერანს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ბრიგადის გენერალმა, ვლადიმერ იმნაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან ხაზგასმით აღნიშნა მათი ღვაწლი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში და დღეგრძელობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, მხნეობა და ერთიანი, ძლიერი საქართველო უსურვა:

” მოგესალმებით ყველას და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. აქ არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობა, ვაჟკაცობა, ცოდნა, გამოცდილება ჩადო სახელმწიფოს უსაფრთხოების, თავისუფლების, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

გილოცავთ ყველას, მთელ საქართველოს, 26 მაისს, დამოუკიდებლობის 100 წლისთავს.”

თემურ ლორია_გენერალ-მაიორი, ‘’გენერალთა კლუბის‘’ აღმასრულებელი დირექტორი: ‘’ჩვენი დღევანდელი შეკრების მთავარი მიზანი იყო 26 მაისი, რომელიც 1991 წელს, პრეზიდენტმა გამსახურდიამ, ეროვნული დამოუკიდებლობის დღედ, ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა, მიგველოცა  იმ ხალხისთვის, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში და რომელთა მხრებზეც გადაიარა ქართული სახელმწიფოებრიობის შექმნის პროცესმა. ბატონებო! თქვენ, აქ მობრძანებულნი, ხართ ის ადამიანები, რომელთაც თქვენი სისხლით და ძალისხმევით მოიტანეთ დღევანდელი დღე. მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ ყველას, რომელნიც  აქტიურ მონაწილეობას ღებულობდით ქვეყნის თავისუფლებისა და აღმშენებლობისათვის ბრძოლაში და დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანის გამოცდილება, ცოდნა, პროფესიონალიზმი, კიდევ ბევრჯერ გამოადგება იმ ახალგაზრდა თაობას, რომელიც დღეს აგრძელებს იმ სასიკეთო საქმეს, რასაც დამოუკიდებელი, თავისუფალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა ქვია.

‘’გენერალთა კლუბმა’’ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს თხოვნით მიმართა, მხარი დაეჭირა დღევანდელი დღის ორგანიზებაში. სამსახურის დირექტორმა, ბატონმა ვლადიმერ იმნაძემ, მხარი დაუჭირა ჩვენს ინიციატივას, რომ დღეს გენერალიტეტი შეგვეკრიბა და მიგველოცა ეს დიდებული დღე_საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის საიუბილეო თარიღი. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას. პირველ ყოვლისა, ჯანმრთელობა გისურვოთ. დარწმუნებული ვარ_თქვენი, გენერალიტეტის გამოცდილება, პროფესიონალიზმი, ხედვა და საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გამოადგება ჩვენ სამშობლოს და შესაძლებელი გახდება, რომ ეს ჩვენი ძალისხმევა მოვახმაროთ ჩვენი საყვარელი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და გამთლიანების საქმეს.’’

” მოხარული ვარ დღევანდელი შეკრების გამო. წლებია, არ შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ვიბრძოდი. 25 წელი გავიდა, ჩვენ უკვე ვბერდებით.  გავა კიდევ 25 წელი და 50 წლის იქნება ის კაცი, ვინც დაიბადა ომის შემდეგ და რომ უთხრა ამ ადამიანს, წადი აფხაზეთში იცხოვრეო, ხომ იტყვის, ვისთან წავიდეო?! ამიტომ ახლაა ჩვენ აფხაზ ძმებთან დალაპარაკების დრო.

მივულოცავ მთელ საქართველოს ამ დიდებულ დღეს, დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, ყველას, ვისაც საქართველო უყვარს. ეს არის უდიდესი დღესასწაული.”- განაცხადა გენერალ-მაიორმა, გუჯა ყურაშვილმა.

” ძალიან გახარებული ვარ ამ ადამიანებთან შეხვედრით. ზოგიერთი მათგანი წლებია, არ მინახავს. ეს ის გენერალიტეტია, რომელმაც ძალიან ბევრი სიმძიმე გადაიტანა. ძალიან დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა შეხვედრის ინიციატორებს.

მინდა ყველას, მთელ ჩვენ ქვეყანას, მოგილოცოთ 26 მაისი. ბედნიერება და სიკეთე იყოს ჩვენ ქვეყანაში. დღევანდელი დღიდან დაწყებულიყოს ის აღმავალი გზა, რომელიც სიმშვიდისაკენ და ერთიანობისკენ მიგვიყვანს. “- განაცხადა გენერალ-მაიორმა შენგელი ფიცხელაურმა

პოლიციის გენერალმაიორი დავით გულუა: ” ჩვენ ბევრი ვიომეთ ომის დროსაც და ომის შემდეგაც, მაგრამ კავშირი არ დაგვიკარგავს აფხაზებთან, არც ერთი წუთით…

დღეს აფხაზეთში იბადება ერთი აფხაზი, ცხრაკი_სხვა ეროვნების ბავშვი. თხუთმეტ, ოც წელიწადში, ჩვენ აღარ ვიქნებით. აღარ იქნებიან აფხაზებიც და დამთავრდა ჩვენთვის ის ტერიტორია…

პირველ რიგში მინდა, მადლობა ვუთხრა გენერალთა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ მოგვეცა საშუალება, შევხვედროდით ერთმანეთს, მიგველოცა ეს დიდი თარიღი_ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი, რომელიც ჩვენთვის, იმ ხალხისთვის, ვინც ვიბრძოდით და მომავალშიც ვიბრძოლებთ საქართველოსთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.  დღეს აქ იყვნენ ჩემი თანამებრძოლები, ვისთან ერთადაც ბევრი გაჭირვება გაგვივლია და გაჩნდა ის გრძნობა, რომ საქართველოს ყოველთვის ჰყავდა და ჰყავს ის ინტელექტუალური ძალა, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო და აკეთო დიდი სახელმწიფო საქმეები. მინდა, მათ მხნეობა და გამარჯვება ვუსურვო, ისევე, როგორც სრულიად საქართველოს.”-

გენერალ-მაიორი მამუკა ყურაშვილი:“უმნიშვნელოვანესი, დიდებული დღეა საქართველოსთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ქართული ჯარისთვის. მინდა, ყველა ვეტერანს,  ყველა სამხედრო მოსამსახურეს და ქართველ ხალხს მივულოცო ეს დიდებული დღესასწაული. მადლობა მინდა, გადავუხადო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, რომ მოგვიწვია.”

გენერალ-მაიორი ზაზა გოგავა: სრულიად საქართველოს მივულოცავ ამ თარიღს, შემდეგ, ყველა რიგით ჯარისკაცს ოფიცერს და ჩემ კოლეგებს, უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობას.

ქვეყნის დამოუკიდებლობა ყველაფერია! ის, რაც ადამიანს თავისუფლების შემდეგ უნდა გააჩნდეს. ჩვენმა სახელმწიფომ, ჩვენმა სამშობლომ, უნდა იცოდეს, რომ ჩვენ, როგორც რიგითი ჯარისკაცები, ბოლომდე ისევ ვემსახურებით ამ ქვეყანას.”

 

ბრიგადის გენერალი დავით ნაირაშვილი: ” 26 მაისი ჩემთვის არის მთელი ცხოვრება! დამოუკიდებელი საქართველო ჩემ გულში იქნება, სანამ მე ცოცხალი ვარ. 26 მაისი, ეს არის ის, რაზედაც ჩვენ ვოცნებობდით 100 წლის განმავლობაში, 1000 წლის განმავლობაში და ვიოცნებებთ ყოველთვის, სანამ ცოცხლები ვართ.

მინდა, მივულოცო ჩვენ გენერლებს, ოფიცრებს, სრულიად საქართველოს ეს ბრწყინვალე დღესასწაული.”

პოლიციის გენერალ-მაიორი, ანზორ მარგიანი:“დამოუკიდებლობის დღეა! გენერლების სახელით, ვულოცავ მთელ საქართველოს! ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, რამაც ძალიან გაგვახარა. ვულოცავ ყველას ამ მნიშვნელოვან თარიღს.”

გენერალ-მაიორი, გია ვაშაკიძე: “პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩვენ გენერლებს  საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის დღესასწაული. ქართველი ერისთვის ეს არის დიდი მონაპოვარი და ამ მონაპოვარში ამ გენერლებს დიდი წვლილი მიუძღვით.

მინდა ბატონ ვლადიმერ იმნაძეს მადლობა ვუთხრა, რომ დღევანდელ შეკრებას გაუკეთა ორგანიზება. დიდი ხნის უნახავი გენერლები შეგვახვედრა ერთმანეთს.”

ზურაბ ერქვანია, გენერალ-მაიორი:“დიდი დღესასწაულია! ვულოცავ ამ დღეს სრულიად საქართველოს. ქართველი გენერალიტეტი შეიკრიბა დღეს და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე იქნება სერიოზული საწყისი საქართველოს აღმშენებლობისათვის დიდი მოძრაობისა. გამარჯვებით ევლოს ჩვენ ქვეყანას. გამთლიანებული, ლამაზი და აყვავებული საქართველო გვენახოს.’’

კობა კობალაძე, გენერალ-მაიორი: “ძალიან კარგი დღეა_ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, გენერლების თავშეყრა მოხდა. ბევრი ის ადამიანი დავინახეთ და გავიხსენეთ, ვინც ჩვენ აღზრდაში, სწავლასა და წარმატებაში, დიდი წვლილი შეიტანა. გვაქვს პატივი, ყველას ერთად, მთელ საქართველოს მივულოცოთ 26 მაისი_ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე. მე მჯერა და მწამს, რომ საბოლოო ჯამში, მივაღწევთ იმ ძლიერ, ერთიან საქართველოს, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით და რომლისთვისაც უფროსი თაობა იღწვოდა.

ჩვენ, დღეს აქ შეკრებლი გენერლები, საქართველოს ყველა მოქალაქეს, სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ ვულოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს_ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებთ, დღეგრძელობას, კეთილდღეობას და ერთიან, ძლიერ საქართველოს!’’

26 მაისი!

ეს დღე ჩვენია!