ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სახელობის ორი ახალი სკვერი მოეწყო. ომში დაღუპული მებრძოლის ვალერი უტიაშვილის სახელობის სკვერი ვაზისუბნის დასახლების N8 და N9 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე,ხოლო არჩილ სირბილაშვილის სახელობის სკვერი ვაზისუბნის დასახლების N12 კორპუსის წინ მოეწყო.ორივე მისამართზე დაიდგა მოსასვენებელი სკამები, ურნები და საბავშვო ატრაქციონები. ასევე, მოეწყო ბორდიური, დამონტაჟდა ლამპიონები და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.
სკვერების გახსნის ღონისძიებაზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის, ისნის რაიონის ფილიალის მოსწავლეების მიერ შესრულებული მხატვრული ნამუშევრები გამოიფინა. ერთ-ერთ სკვერში ასევე, ბავშვთა საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა, ხოლო სპორტულ მოედანზე, ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით, საფეხბურთო მატჩი გაიმართა.
სკვერების გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძე, გენერალ-მაიორი, გია ყარყარაშვილი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ახვლედიანი, საქართველოს პარლამენტის ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი აბუსერიძე, დაღუპული გმირების ოჯახის წევრები, ახლობლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
“დღეს, ჩვენ კიდევ ერთი დაღუპული მეგობრის ხსოვნას პატივს მივაგებთ. ამ დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს ვეტერანებისთვის და განსაკუთრებულად იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ამ სკვერში ითამაშებენ და დაინახავენ, რომ ვეტერანის სახელი უკვდავყოფილია. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს. უფრო მეტი უნდა გაიხსნას ასეთი სკვერები. უფრო მეტი უნდა იყოს სახელები და ხსოვნა.”- განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.
„კარგი გამგებელი ჰყავს ისნის რაიონს და კარგი ვეტერანთა წარმომადგენელი. ერთობლივი ინიციატივით და ვლადიმერ იმნაძის მონაწილეობით შეიქმნა კარგი რამ. ჩემი რაიონია, ყველას ვიცნობ, გაგრაში ჩემთან იყო სირბილაშვილი. მიხარია ეს ყველაფერი და მეტი უნდა შევძლოთ, მეტი და მეტი”- განაცხადა გია ყარყარაშვილმა.