მიმდინარე წლის 15 ივნისს, ნინო სალუქვაძის სახელობის სპორტულ კლუბში, საქართველოს სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ორჭიდში, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბულესადმი მიძღვნილი მეოთხე პირად-გუნდური ჩემპიონატი გაიმართა.

ჩემპიონატში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გუნდს მეტოქეობას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ნაკრები უწევდა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც  გუნდის ხელმძღვანელი ილიას რიზაევი, მურთაზ გაბიტაშვილი, ზაზა ჩადუნელი, ზაზა იაშაღაშვილი და ბესიკ მახნიაშვილი იყვნენ, გუნდური მეორე ადგილი მოიპოვა.

ჩემპიონატის გამარჯვებულებსა და მონაწილეებს თასები, მედლები და დიპლომები  საქართველოს სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა, მალხაზ ბაძაღუამ, ჩემპიონატის მთავარმა მსაჯმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, სპორტის დამსახურებულმა ოსტატმა, ნინო სალუქვაძემ და სპორტულმა კომენტატორმა, დაარსების დღიდან ამ ჩემპიონატის მხარდამჭერმა, ჯამლეტ ხუხაშვილმა გადასცეს.