არასამთავრობო ორგანიზაცია, ” საბურთალოს რაიონის ვეტერანთა კავშირის” ორგანიზებით საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მცირე დარბაზში, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის, ქერჩის გმირის, ბატონი არქიფო ნამგალაძის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. ბატონი არქიფო დღეს 100 წლის გახდა. ღონისძიებას დაესწრნენ და იუბილარს დაბადების დღე მიულოცეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა და ბატონ არქიფოს სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, საბურთალოს რაიონის სამმართველოს წარმომადგენელი, საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური „კავშირის“ თავმჯდომარე, თადარიგის გენერალ-მაიორი თენგიზ შუბლაძე; გენერალთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, გენერალ-მაიორი თეიმურაზ ლორია და სხვები. არქიფო ნამგალაძე ფრონტზე ომის დაწყებისთანავე 21 წლის ასაკში წავიდა. იბრძოდა ქერჩში და დღემდე კარგად ახსოვს ბრძოლის მოვლენები. იყო მეტყვიამფრქვევე. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს ბატონ არქიფო ნამგალაძეს.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge