ბორჯომში, სოფელ ჩითახევში, პირველ ადაპტირებულ საველე ბანაკში, „ახალგაზრდული მედია კავშირის“ ორგანიზებით, პროექტის ‘’აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა’’ფარგლებში, შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ჯომარდობის ინტეგრირებული ჩემპიონატი გაიმართა საქართველოს პირველობაზე, რომელშიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გუნდი იღებდა მონაწილეობას.
ტურნირის მონაწილეთა შორის იყვნენ აფხაზეთის მთავრობის, ასევე, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 100-ზე მეტი შშმ პირით და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედროებით დაკომპლექტებული გუნდები, რომლებიც ერთმანეთს სხვადასხვა დისციპლინაში ეჯიბრებოდნენ.
საჯომარდო ნავების ადაპტირებისთვის უნივერსალური კონსტრუქციები კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებით, თავად შშმ პირებმა შექმნეს, რომელთა დახმარებითაც სპორტის ამ ექსტრემალურ სახეობაში ასპარეზობა შეუძლიათ, როგორც ტოტალურად უსინათლო, ასევე, ეტლით მოსარგებლე და ამპუტანტ შშმ პირებს.
ჯომარდობის ინტეგრირებული ჩემპიონატი 2012 წლიდან იმართება და სულ უფრო და უფრო მასშტაბური ხდება.
პროექტის განხორციელება ემსახურება გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ‘’ახალგაზრდულ მედია კავშირს’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წელს გაფორმდა.