25 წლის წინ, 1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება.  გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც, პირველივე დღეს, 2 ივლისს, 28 მებრძოლი დაიღუპა, 8 კი_დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. დუშეთის ბატალიონმა, ამ ბრძოლებში, სულ, 52 მებრძოლი დაკარგა.

ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები დუშეთში დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად ჩავიდნენ.  მათ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ შალვა ჯაბახიძესთან, უწყების მცხეთა-მთიანეთის წარმომადგენლობასთან, ადგილობრივ ვეტერანებთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და გამგეობის თანამშრომლებთან, რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად, ტამიშის გმირების სახელობის მემორიალი და ძმათა სასაფლაოზე განსვენებული მებრძოლების საფლავები გვირგვინებით შეამკეს.

დუშეთის კულტურის სასახლეში მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც ეძღვნებოდა ტამიშში წარმოებულ ბრძოლებს და ბრძოლის ველზე დაცემულ მეომრებს. ფილმის ჩვენებას სტუმრებთან, ადგილობრივ ვეტერანებთან და დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებთან ერთად, რაიონის ახალგაზრდობაც ესწრებოდა.