მიმდინარე წლის 13 ივლისს ვეტერანების საქმეთა სახელმიწფო სამსახურში, უწყებას,  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს წარმომადგენლობასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის სამმხრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგატმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებში კარლოტა ვალვერდემ, კოორდინატორმა თეა ქუთათელაძემ და საველე ოფიცერებმა ანნა გოგოხიამ და მზია ანთაშვილმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და პირადად, ვლადიმერ იმნაძეს, მადლობა გადაუხადეს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის 1992-1993 წლების საომარი მოქმედებების დროს აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამარხების მოძიების პროცესში გაწეული დახმარებისთვის და თხოვნით მოგვმართეს, თანამშრომლობის ასეთივე ფორმატი შექმნილიყო ცხინვალის  (90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს) კონფლიქტებთან დაკავშირებული სამარხების მოსაძიებლად.

‘’ჩვენ დიდად ვაფასებთ ვეტერანების საქმეთა სახელმიწფო სამსახურის დახმარებას. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამარხების მოძიებისა და მათი ნეშტების ოჯახებისთვის დაბრუნების საქმეში თქვენი სამსახურის წვლილი მართლაც ღირებულია. ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ აფხაზეთში საომარი მოქმდებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სამარხების მოძიების, ნეშტების იდენტიფიცირებისა და მათი ოჯახებისთვის დაბრუნების საქმეში, თუმცა, სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით ცხინვალის რეგიონზე. ამ კონფლიქტის თავისებურებიდან გამომდინარე, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამარხების მოძიების პროცესი რთულია – მოძიებულია მხოლოდ ორი სამარხი კასპისა და გორის რაიონებში, თუმცა, ნეშტების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება ინფორმაციის სიმწირის გამო. საუბარია 167 უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც ახალი სამარხების მოძიებაში დაგვეხმარება. გვჯერა, თქვენი სამსახურის წარმომადგენლები შიდა ქართლის რეგიონში – გორში, ქარელში, კასპსა და ხაშურში, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან და ჩვენ ერთობლივი მუშაობით, მეტ პროგრესს მივაღწევთ. ჩვენი მხრიდან, კონფიდენციალობა გარანტირებულია’’- განაცხადა კარლოტა ვალვერდემ.

‘’ჩვენ და ჩვენი წარმომადგენლები შიდა ქართლის რეგიონში, მაქსიმალურად ვეცდებით, დაგეხმაროთ იმ ინფორმაციის მოძიებაში, რომელიც ამ მართლა მნიშვნელოვან საქმეში დახმარებას გაგიწევთ’’- განაცხადეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სამსონ ბრეგვაძემ და მთავარმა სპეციალისტმა ზაზა იაშაღაშვილმა.

მხარეები შეთანხმდნენ რეგულარულ საქმიან შეხვედრებზე ადგილზე, რეგიონებში, რაც მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახებისთვის მათი ახლობლების ნეშტების დაბრუნების პროცესში.