მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი, ტატიანა კოვპაკი უკრაინული, დამოუკიდებელი სატელევიზიო არხის, ‘’ICTV’’-სა და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის, UATV-ის, რომელიც უკრაინულ, რუსულ, ინგლისურ და არაბულ ენებზე მაუწყებლობს, კორესპონდენტებთან_ ტარას კორნიუკთან, ევგენი ზადოიასთან და იულია ბოჟკოსთან ერთად ესტუმრა. საელჩოს თხოვნით, უწყების დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ უკრაინელ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. საუბარი შეეხო ვეტერანების მდგომარეობას საქართველოში, საშეღავათო სისტემას, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს, რომლებსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად ახორციელებს. ისაუბრეს’’ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ’’ კანონში ხარვეზებზე, რომლებიც ჯერ კიდევ აღმოსაფხვრელია; ვეტერანების პოსტტრამვული სინდრომის ფსიქორეაბილიტაციის პრობლემებზე, რომლებიც როგორც უწყების, ასევე ქვეყნისთვის, დღესდღეობით ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. საუბარი, ასევე, შეეხო ვეტერანთა ჰოსპიტლისა და ვეტერანთა სარეაბილიტაციო ცენტრების მნიშვნელოვან პროექტსაც, რომლის განსახორციელებლადაც სპონსორების მოსაზიდად, დასავლელ პარტნიორებთან ერთად, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
‘’ჩვენს ქვეყნებს საერთო სატკივარი და ერთნაირი გამოწვევები აქვთ, ამიტომაც გვესმის ასე კარგად ერთმანეთის, ამიტომაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი თქვენი გამოცდილების გაზიარება. ქართველები ძალიან მიყვარს. საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა. მიხარია თქვენი წარმატებები, მტკივა თქვენი სატკივარი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად რამდენიმე პროექტი განვახორციელეთ და კიდევ უფრო მეტს ვგეგმავთ. მადლობა გულთბილი მიღებისა და საინტერესო საუბრისთვის.’’ _განაცხადა ტატიანა კოვპაკმა.
‘’უკრაინის ჰიმნში არის ფრაზა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: ’’ მალე ამოვა მზე და უკრაინის ტკივილს ისე გააქრობს, როგორც ნამს დილის მზე’’. გისურვებთ, უკრაინისთვის ეს მზე მალე ამოსულიყოს და თქვენს ქვეყანას შვებით ამოესუნთქოს. ეს არა მხოლოდ თქვენი, ჩვენი გამარჯვებაც იქნება, რადგან ჩვენ ერთი მტერი გვყავს’’_ ბრძანა ვლადიმერ იმნაძემ.
დასასრულ, ვლადიმერ იმნაძემ სტუმარ ჟურნალისტებს სამახსოვრო საჩუქრები, ხოლო ტატიანა კოვპაკს, საჩუქრებთან ერთად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვიმპელი გადასცა.