მიმდინარე წლის 6-7 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ეგიდით, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა პოტენციალის სრულფასოვანი გამოვლენისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქ.თბილისში, სპორტკომპლექს ‘’იმედის’’ ბაზაზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად, ჩატარდა ამპუტანტ, მათ შორის ვეტერან ფეხბურთელთა გუნდების ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ზესტაფონისა და გორის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდები იღებდნენ. ფინალური შეხვედრა თბილისის ‘’თბილისსა’’ და ზესტაფონის’’მარგვეთს’’ შორის თბილისელების გამარჯვებით, 3:0 დამთავრდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გარდამავალი თასი, გამარჯვებულ გუნდს, უწყების დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ გადასცა.
2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ამპუტანტ ფეხბურთელთა ტურნირი 2016 წელს დაარსდა. გუნდების შემადგენლობა, ძირითადად, დაკომპლექტებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ომების, საერთაშორისო, სამშვიდობო მისიებში მონაწილე ვეტერანი და ასევე, სხვა შშმ პირებით.
თბილისელი ამპუტანტი ფეხბურთელები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გარდამავალ თასს წელს მესამედ დაეუფლნენ.
მეორე ადგილზე ზესტაფონის ‘’მარგვეთი’’, ხოლო მესამეზე_ბათუმის’’აჭარა’’ გავიდა.