მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მეათე წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, უწყების თანამშრომლებმა, ‘’საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა,’’ გენერალ-მაიორმა, თეიმურაზ ლორიამ და ქართველმა ვეტერანებმა, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლების მემორიალი და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა საფლავები გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს.
‘’საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ღია აგრესიიდან 10 წელი გავიდა. ჩვენთვის, ვეტერანებისთვის, მძიმე დღეებია. განსაკუთრებით, დღევანდელი დღე, 8 აგვისტო. სულ მალე კი_27 სექტემბერი მოდის. დასაფიქრებელი დღეებია_ჩვენ ბევრს ვფიქრობთ, ბევრს ვწერთ, ბევრს ვლაპარაკობთ ერთმანეთში ამ დღეების შესახებ და იმის შესახებაც, თუ რა გადაგვხდა ამ უახლოეს წარსულში და ყველა ვიხრებით იქითკენ, რომ ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს საქართველოში. ხალხი უნდა ცხოვრებდეს თავისუფლად და არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ ვიღაც ნაღმებს ჩამოყრის. ხსოვნის დღეა დღეს… ქედს ვიხრი თითოეული სამშობლოსათვის დაღუპულის წინაშე!’’_განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.
‘’აგვისტოს ომმა კიდევ ერთხელ ანახა, თუ რა განწყობა აქვს ჩვენს მეზობელს, რა ინტერესები აქვს საქართველოში. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენმა გმირებმა მაქსიმალურად გააკეთეს ყველაფერი, რომ მთელი საქართველო არ ყოფილიყო ოკუპირებული, თავგანწირვით, ვაჟკაცობით. ამ ბიჭების თავდადებით მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ქართველები არიან ის ადამიანები, ვინც ქედს არავის მოუხრის, თავისას არავის დაუთმობს და სხვა არაფერს წაართმევს. კიდევ ერთხელ, დიდი პატივისცემას გამოვხატავ მათი ოჯახების მიმართ, პირველ რიგში, იმ ადამიანების წინაშე, ვინც აღუზარდა სამშობლოს ასეთი გმირები. საუკუნეების განმავლობაში საქართველო ზუსტად ასეთი გმირების წყალობით მოვიდა აქამდე და ასე გაგრძელდება. ქედს ვიხრი მათ წინაშე’’!_ბრძანა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ.
‘’… აქ წამოსვლის წინ, ჩემი ძმის ფოტოებს მივეფერე და ვუთხარი_ ახლა მანდ მოვდივარ, შენთან-მეთქი, თუმცა, ძალიან მიჭირდა აქ მოსვლა. აქ ყოველთვის მოვდივარ მარტო, თითქოს ბიჭებს ვესაუბრები, თითქოს, ისინი არიან ჩემთან და თითოეული მათგანი მამხნევებს, მაძლევს სიძლიერეს, რომ ვიყო ძლიერი და ამაყად ვიდგე ქვეყნის სადარაჯოზე, რომელსაც ჩვენი გმირი ბიჭები შეეწირნენ. 2008 წელს თითოეულმა მათგანმა, ისევე, როგორც წლების წინ აფხაზეთის და სამაჩაბლოში მებრძოლმა ბიჭებმა, დაწერეს გმირობის ისტორია თავიანთი სისხლით. მათთვის პატივის მიგება მხოლოდ საფლავებზე მოსვლა და გვირგვინების დადება არაა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია. ჩვენთვის ომი ჯერ არ დამთავრებულა, რადგან ჩვენი ქვეყნის 20%-ია ოკუპირებული. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ტერიტორიები, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა იცხოვრონ დამოუკიდებელ, ერთიან საქართველოში. ძალიან ხშირად ვამბობ და ახლაც გავიმეორებ_ ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი ხელით მივიტან დროშას აფხაზეთში, სოხუმში.. თუ გინდა, მეორე დღეს მომკლა, გული აღარ დამწყდებოდა..’’_ განაცხადა უფროსმა ლეიტენანტმა, სოფიო სოფრომაძემ, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული შმაგი სოფრომაძის დამ, რომელმაც ჯარისკაცის ფორმა, მისი ძმის სახელის უკვდავსაყოფად ჩაიცვა.
თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით,2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები იძულებით, თითქმის 150 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში რჩება.