მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში 2004 წელს, სამაჩაბლოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპული კობა შუბითიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩი ჩატარდა.
მატჩი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის, ხონის VI საარტილერიო და სენაკის II საინჟინრო ქვეით ბრიგადებს შორის გაიმართა, რომელიც სენაკელი ჯარისკაცების გამარჯვებით დასრულდა. პირველ ადგილზე გასულ გუნდს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასი უწყების დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ გადასცა.
ტურნირში ახალსოფლის, საგვიჩიოს, შავღელეს, ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებთან ერთად, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის და ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის გუნდები მონაწილეობდნენ.
“კობა სოფელ საგვიჩიოში დაიბადა, შემდეგ ზედა საქარაში დაასრულა საშუალო სკოლა, ამიტომაც ამ ტურნირში ამ სოფლის საფეხბურთო გუნდიც იღებს მონაწილეობას. ტურნირი კობას კლასელებმა, სოფლის გამგებელმა 2010 წელს დააწესეს მისი სახელის უკვდავსაყოფად. თავდაპირველად მონაწილეობას 8 გუნდი იღებდა, 2012 წლიდან ტურნირში ჩაერთო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 4 გუნდი და უკვე მეექვსედ დამაჯერებლად იმარჯვებს სენაკის II ბრიგადა. უკვე მეორე წელია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჩაერთო ამ ტურნირში და წელს საკუთარი თასიც დააწესა, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი ჩემი ოჯახის სახელით.
კობა წარმატებული სამხედრო პირი იყო. 2004 წლის 6-დან 17 აგვისტომდე იმყოფებოდა ჩემთან ერთად სამაჩაბლოს მოვლენების დროს კონფლიქტის ზონაში. 17 აგვისტოს ღამის პირველ საათზე, წვერიახოზე ერთ-ერთი შეტევის დროს დაიღუპა. მე თავად ჩამოვასვენე. უდიდესი ტკივილია ჩვენი ოჯახისთვის, მაგრამ ვამაყობ, რომ ჩემი ძმა ჩვენი ქვეყნისთვის გმირულად დაიღუპა!
ასეთი ტურნირების არსებობა არა მხოლოდ საქართველოსთვის დაღუპული გმირების უკვდავყოფისთვის, არამედ მომავალი თაობის აქტიურ სპორტულ ცხოვრებაში ჩართულობისთვისაც მნიშვნელოვანია. მომავალი თაობა უნდა გაიზარდოს ჯანსაღი და შეეძლოთ, საკუთარი სამშობლოსთვის თავგანწირვა.’’- საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი, პაატა შუბითიძე.
‘’განუზომელია ჩვენი ოჯახის ტკივილი და მას დრო ვერ განკურნავს, თუმცა, ეს ტკივილი თითქოს, უფრო ნელდება, როცა თქვენ, მის მეგობრებს, ახლობლებს, ჩვენს ჯარისკაცებს გხედავთ ამ ტურნირზე. არაფერი ღირს ამქვყნად ადამიანის სიცოცხლედ, საკუთარი სამშობლოს მიწა-წყლის გარდა, თუმცა, მე გისურვებდით, აღარასოდეს მომხდარიყოს ომი ამ ქვეყანაში და არც ერთ ოჯახს, არც ერთ დედას საკუთარი შვილის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი აღარ ეგრძნოს’’_საქართველოს პარლამენტის წევრი, ენძელა მაჭავარიანი. ვეტერანების მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული სიყვარულის, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ ქალბატონ ენძელას სამსახურის ვიმპელი გადასცა.
“ჩვენ ყველამ პატივი უნდა მივაგოთ ჩვენი ქვეყნისთვის დაღუპულ ბიჭებს და ყველაფერი გავაკეთოთ მათი სახელების უკვდავსაყოფად, რათა მათი სიცოცხლე მაგალითი იყოს მომავალი თაობებისთვის. მიხარია, რომ კობას მეგობრებმა ეს ტურნირი დააარსეს. მიხარია, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა თავისი პრიზი დააწესა, რასაც დიდი პატივით გადავცემ გამარჯვებულ გუნდს, თუმცა, ასეთ ტურნირებში, დამარცხებული არავინაა. გისურვებთ, თქვენი მონდომება, თქვენი საბრძოლო შემართება არა ომს, არამედ მშვიდობიანი საქართველოს მშენებლობას მოახმაროთ. კიდევ ერთხელ პატივს მივაგებ საქართველოსთვის დაღუპულ გმირს.’’- ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე
მატჩის დასრულების შემდეგ ტურნირის ორგანიზატორებმა, მონაწილეებმა და სტუმრებმა პატივი მიაგეს დაღუპული გმირს და მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.
ტურნირის ფინალს და დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სამსახურის დირექტორი, გენერალი ვლადიმერ იმნაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი, საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი დაჩი ბერაია, ირაკლი ბერაია, მერაბ ქვარაია, დიმიტრი მხეიძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ენძელა მაჭავარიანი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, გენერალი გიორგი მათითაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთი გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.