ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტს 2018 წელს ახალი პირობებით განაგრძობს. განაცხადების მიღება დაწყებულია და მიმდინარე წლის 2 სექტემბრამდე გაგრძელდება.
2018 წელს, სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, მონაწილეობის უფლება ექნება როგორც მეწარმე, სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს, ასევე, მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. იმისთვის, რომ მეწარმე სუბიექტებს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს კვლავ ჰქონდეს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა, მათ უნდა წარადგინონ პროექტი, რომელიც შეეხება მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოება/გადაიარაღებას.
განსხვავებულად განისაზღვრება თანამონაწილეობის წილიც – პროგრამის მოსარგებლის/მოსარგებლეთა ჯგუფის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 50 პროცენტით, მაშინ როდესაც პროგრამის ახალი ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 20 პროცენტით. ასევე, გაზრდილია დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა და ნაცვლად 15 000 ლარისა, შეადგენს 20 000 ლარს.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტი ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას, წამოიწყონ, ან გააფართოონ საკუთარი ბიზნესი. ფინანსური დახმარების გაწევის გზით, რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა, უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.
დაინტერესებულ ვეტერანებს, შეუძლიათ, მიმართონ მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამას, ‘’აწარმოე საქართველოში’’, ეწვიონ ვებ-გვერდს http://www.enterprisegeorgia.gov.ge . დამატებითი კითხვებისა და კონსულტაციებისთვის , შეუძლიათ, მოგვამრთონ ჩვენ, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფს.