ყაზბეგის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ომის გმირების, ყაზბეგელი მორაგბეების და ტყუპების ვასიკო და ნუკრი წიკლაურების სახელობის სარაგბო ტურნირი გაიმართა.
ტურნირზე ექვსი გუნდი იყო წარმოდგენილი: ა-ჯგუფი: “ყაზბეგი”; “მცხეთა”; “ტორნადო” (დუშეთი) და ბ-ჯგუფი: “დევები” (თბილისი); “სტუ” (თბილისი); “წიქარა” (თბილისი)
ძმები წიკლაურების სახელობის ტურნირის გამარჯვებული რ/კ “ყაზბეგი” გახდა, რაც გუნდისთვის პირველი ტიტული იყო.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ, მოხევე მორაგბე ლევან ქუშაშვილი დასახელდა, მან გუნდის ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
გამარჯვებულ გუნდს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სპეციალური პრიზი – თასი უწყების რეგიონალური დეპარტამენტის უფროსმა, ნუგზარ კაიშაურმა გადასცა.
ძმები წიკლაურების სახელობის ტურნირი, ყაზბეგში 2016 წლიდან იმართება. შეჯიბრი წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდა: ამჯერად გუნდები შვიდკაცა რაგბში შეეჯიბრნენ ერთმანეთს და ბავშვების ნაცვლად, უფროსი ასაკის მორაგბეებმა მიიღეს მონაწილეობა.
ტურნირს დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამნეტის უფროსი მალხაზ თოფურია, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ნუგზარ კაიშაური, უფროსის მოადგილე, სამსონ ბრეგვაძე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საქართველოს რაგბის ფედერაციის წარმომადგენლები.
ტურნირი საქართველოს რაგბის კავშირის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით და ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა.
ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული ოთხი ქართველი გმირი, ტყუპები, ვასიკო და ნუკრი წიკლაურები, ასევე, მათი ოჯახის წევრები, თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილები, აფხაზეთიდან 2014 წელს ჩამოასვენეს. ქართველი მებრძოლები დაკრძალულნი არიან დიღმის ძმათა სასაფლაოზე.