30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ „მუზაში“ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ღონისძიება სახელწოდებით – “არ დამივიწყო” წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. გამოფენილი იყო ფოტომასალა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის არქივიდან, რომელიც საქართველოში 1990-იანი წლების და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საფლავების მოსაძიებელი სამუშაოების ამსახველ კადრებს მოიცავდა. ‘’ დღეს, ამ გამოფენის მეშვეობით, შევეცადეთ, კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულთა პრობლემისა და მნიშვნელობაზე, რათა კიდევ ერთხელ გამოგვეხატა მხარდაჭერა მათი ოჯახებისთვის. ასევე, გვეჩვენებინა, თუ რა მიდგომებს იყენებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, როცა მუშაობს ომში დაკარგულთა სამარხების, მათი იდენტიფიკაციის დროს. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ის თანამშრომლობა, რომელიც წითელი ჯვრის კომიტეტს აქვს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან. ჩვენთვის თქვენს სამსახურთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი საქმიანობა ეფუძნება თვითმხილველების, მოწმეების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას; ამ კუთხით კი ვეტერანებს ჩვენთვის ძალიან დიდი დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ. ამიტომაც ჩვენთვის თქვენს სამსახურთან თანამშრომლობა მეტად ღირებულია. 90-იანი წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, ჩვენი მონაცემებით, 2400 პირი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მათი მოძიების პროგრამა 2010 წლიდან დავიწყეთ. ამ ხნის განმავლობაში მოხერხდა 400-მდე ნეშტის მოძიება, აქედან 150 პირი ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიება მუდმივი პროცესია და ვიმედოვნებთ, ყველა ორგანიზაციის, თუ სამთავრობო ინსტიტუციის და რაღა თქმა უნდა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ერთობლივი მუშაობით, შევძლებთ, კიდევ ბევრ ოჯახს დავეხმაროთ, რათა მათი მოლოდინი დასრულდეს…’’_განაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, მაია ქარდავამ. ‘’ ვეტერანებს ნამდვილად ძალიან დიდი დახმარება შეუძლიათ, გაუწიონ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში. ნებისმიერი ინფორმაცია, ნებისმიერი დეტალი შეიძლება, გადამწყვეტი იყოს წითელი ჯვრის საქმიანობაში. მინდა, წინასწარ გადავუხადო მადლობა თითოეულ ვეტერანს და მივმართო მათ თხოვნით, დაგვიკავშირდნენ და მოგვაწოდონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გამოადგება გასული საუკუნის 90-იანი წლებისა და 2008 წლების შეიარაღებული კონფლიქტების დროს გაუჩინარებული ადამიანების სამარხების მოძიებაში. წინასწარ დიდი მადლობა ასეთი თანადგომისთვის. ასევე, მინდა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სახელით დავარწმუნო ყველა, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენთან მოდიან და გვაწვდიან ინფორმაციას, მათი მონაცემების კონფიდენციალობა იქნება დაცული და არ გავა კომიტეტის გარეთ’’_ აღნიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, სევერიან შაპაზმა. დღესვე, ვაშლიჯვარში ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანეზე“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა დაღუპულთა საფლავები გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს. ‘’გმირთა სავანეზე’’ დაკრძალულნი არიან 1991-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული პირები, რომლებიც წლების განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და დაკარგულთა ოჯახების ერთობლივი ძალისხმევით, მათი სამარხების მოძიება და ნეშტების კონფლიქტის ზონიდან გადმოსვენება გახდა შესაძლებელი. მთავარმა სამხედრო მოძღვარმა, მამა დავითმა (ლონდარიძემ) მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ‘’ ჩვენს ამ ტრაგიზმს ყოველთვის ახლავს სიამაყე. როცა ვაჟკაცი იღუპება სამშობლოსათვის, დიდია მისი პატივი. ჩვენთვის, ქართველებისთვის, დიდია მცნება სამშობლოსი, რომლისთვისაც სიცოცხლე კი არა, სიკვდილიც კი ბედნიერება უნდა იყოს. იმ მშობლებს, იმ ადამიანებს გაუმართლათ, ვისაც აქვს საკუთარი, შვილების, ახლობლების საფლავები, სადაც შეუძლიათ, მივიდნენ და ნუგეში მიიღონ; მიეახლებიან და ესაუბრებიან მათ შინაგანად; შინაგანი მისტიკით ეს შესაძლებელია, თუმცა, დღეს კიდევ მრავალი ეძიებს თავის უგზო-უკვლოდ დაკარგულ ოჯახის წევრს, ზოგს ცოცხალიც კი ჰგონია.. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვაერთიანებს ამ ტრაგიზმში, ამ ტკივილში, ერთმანეთის მხარში დგომაში და გვახსენებს, რომ არსებობს მარადიული თემები, რომლებსაც ვერ ცვლის ვერც დრო და ვერც ვერაფერი_სამშობლო, უფალი, სამშობლოსათვის თავდადება, მეომრული ღირსება_ეს ის თემებია, რომლებიც მარადიულადაა ქართველში. ქართველებს განსაცდელები ყოველთვის გვქონდა, მაგრამ მხნენი ვართ, განსაცდელებს ჩვეულნი.. დღესაც არანაკლებ მტკივნეული დღეები გვიდგას და მე მგონია, რომ კვლავ, უფლის შეწევნით და ღვთისმშობლის ლოცვით, ამ გმირი დედების და ბიჭების იმედად, ქვეყანა იდგა, დგას და მომავალშიც დადგება მხნედ და ძლიერად. ღმერთმა დაგლოცოთ! შეგიწიროთ თქვენი ღვაწლი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ხსოვნა არის ცოცხალი, გადაეცემა თაობიდან თაობას და მჯერა, ეს ჩვენი ღვაწლი გამოიღებს შედეგს, რასაც საქართველოს გაერთიანება და ბედნიერი მომავალი ჰქვია. დალოცოს თითოეული თქვენთაგანი და მთელი ჩვენი ქვეყანა უფალმა!’’_ განაცხადა მთავარმა სამხედრო მოძღვარმა, მამა დავით (ლონდარიძემ). ღონისძიებას დაესწრნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილეები ნიკოლოზ კვეზერელი, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია და უწყების თანამშრომლები, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევლითა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გოგი ფაცაცია, უგზოუკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები და ახლობლები. ფონდ’’მოლოდინის’’ დამფუძნებლები და წევრები, რომელიც 1993 წელს დაარსდა საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვისა და ასევე, მათი სახელების ხსოვნისა და უკვდავყოფის მიზნით. ოჯახები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ თავიანთ ომში დაღუპული შვილების, ძმების, მეუღლეების საფლავებს და ბევრი მათგანი, დღესაც ისევ მოლოდინშია… უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დღე 1981 წელს, კოსტა რიკაში, ლათინურ ამერიკაში დაარსდა. საქართველოში კი ამ დღეს ოფიციალურად, 2003 წლიდან აღნიშნავენ.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge