მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, არასამთავრობო ორგანიზაცია ’’საერთაშორისო მშვიდობის სახლის’’ ინიციატივით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, გერმანიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, მეგი სტემპენი ესტუმრა. ქალბატონი მეგი 11 წელია გერმანიაში ცხოვრობს. იგი წლების განმავლობაში მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული თავისი დიდი ბაბუის, ჭოლა თედორაძის საფლავს ეძებს. ამ ძიების პროცესში, უამრავ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ფონდთან დაამყარა ურთიერთობა, ევროპის არა ერთი ქვეყნის საარქივო მასალა შეისწავლა. საკუთარი წინაპრის საფლავს ვერ, თუმცა, მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული, თუ ტყვეთა ბანაკებში გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცების საფლავებს მიაგნო, რის შესახებაც მასალებს სოციალური ქსელით, პერმანენტულად აქვეყნებს, დაკარგულთა ოჯახებს ინფორმაციას აწვდის და უანგაროდ ეხმარება. ‘’ ჩემი უდიდესი სურვილი იყო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოვსულიყავი და მადლობა გადამეხადა იმ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, რასაც თქვენი სამსახურიდან ვგრძნობ. გასული წლის ნოემბრიდან აქტიურად ვეძებ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ტყვეების თუ უგზო-უკვლოდ დაკარგულების საფლავებს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ძალიან დამეხმარა ოჯახების პოვნაში, ასევე, თქვენი სამსახურის საშუალებით, ბევრი დაკარგულის ოჯახი მიკავშირდება. რამდენიმე ჯარისკაცის შთამომავლები გეგმავენ გერმანიაში ჩამოსვლას და წინაპრებისთვის პატივის მიგებას, რაშიც, რა თქმა უნდა, უანგაროდ დავეხმარები. თქვენი უწყების საშუალებით დავუკავშირდი ‘’საერთაშორისო მშვიდობის სახლს’’, რომელიც, სხვა, ბევრ სასიკეთო საქმესთან ერთად, ჩართულია ქართველი ჯარისკაცების საფლავების მოძიებაში, არა მხოლოდ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მჯერა, ერთობლივად, ძალიან ბევრ, კარგ საქმეს გავაკეთებთ და კიდევ უფრო მეტ ოჯახს დავეხმარებით, დაიბრუნონ თავიანთი დაკარგული წინაპრები, ან პატივი მიაგონ მათ უკანასკნელ განსასვენებელს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს’’_განაცხადა მეგი სტემპენმა.
‘’ საქართველოში იშვიათია ოჯახი, რომლის წინაპარიც მეორე მსოფლიო ომში არ ყოფილა. ძალიან ბევრი ქართველი ჯარისკაცი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ჩემი ბაბუაც, რომლის სახელიც მქვია, მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა. ტყვეთა ბანაკებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საფლავების მოძიება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათი ოჯახებისთვის, შთამომავლებისთვის, არამედ, თავად გარდაცვლილთათვისაც, რადგან ათწლეულების შემდეგ, მშობლიურ მიწაზე ჰპოვებენ სამუდამო განსასვენებელს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსთვისაც, რადგან ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ის ვეტერანები, რომლებიც საკუთარი სამშობლოსთვის იბრძოდნენ, დასაფასებელია! მაშინ ისეთი სამშობლო ჰქონდათ მათ და იმ სამშობლოსთვის იბრძოდნენ. ჩვენ არ ვანსხვავებთ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სხვა ვეტერანებისგან_ვეტერანი ვეტერანია, მან სამშობლოსთვის დადო სიცოცხლე და ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ. ამისათვის ჩვენი სამსახური ყველაფერს აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს. წარმოგიდგენიათ, ალბათ, იმ შვილის სიხარული, რომელიც წლების შემდეგ, დედის გვერდით, ომში დაკარგულ მამას დაკრძალავს. იმედი მაქვს, ყველა ერთად, კიდევ უფრო მეტი ოჯახის დახმარებას შევძლებთ.’’-განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.
შეხვედრის დასასრულ, ბატონმა ვლადიმერ იმნაძემ მეგი სტემპენს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვიმპელი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.