ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, დირექტორის მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ, უწყების თანამშრომლებმა და ვეტერანებმა „ვერის ბაღიდან“ გმირთა მოედნამდე მსვლელობა გამართეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ვლადიმერ იმნაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე მისთვის და მისი თანამებრძოლებისთვის უმძიმესი თარიღია. „სამწუხაროდ უკვე 25 წელი გავიდა, რაც ჩვენთვის ეს მძიმე დღე დადგა. დღეს არის ჩვენი ბიჭების გახსენების დღე. მიხარია, რომ დღეს ამდენი ხალხია აქ შეკრებილი.“ – განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ. გმირთა მოედანზე ასევე იმყოფებოდნენ მთავრობის და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, რომლებმაც პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ” 25 წელი საკმაოდ დიდი ჟამია, იმისთვის რომ სწორი დასკვნები გავაკეთოთ. დღევანდელი დღე არის მაგალითი, იმის, რომ ტკივილი არასდროს ნელდება. ომი არის ყველაზე ცუდი პროცესი, მით უმეტეს ოჯახში, ძმებს შორის. ჩვენ ყველაზე მოკლე გზები უნდა მოვიძიოთ ერთმანეთთან სასაუბროდ.” – აღნიშნა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კობა კობალაძემ. 1993 წლის 27 სექტემბერს, ქართველი მეომრების თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, სოხუმი დაეცა, რასაც აფხაზეთის დაკარგვა მოჰყვა. ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ” მიღწეული შეთანხმების დარღვევით მოწინააღმდეგემ სოხუმის აღება შეძლო. რუსულმა, ჩრდილოკავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ სოხუმის მერი და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი. სეპარატისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა ტყვედ ჩავარდნილი ადამიანები, რომლებმაც სოხუმი არ დატოვეს სიკვდილით დასაჯეს. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ბრძოლა ერთიანობისთვის 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. უსახლკაროდ დარჩა 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი. ყოველი წლის 27 სექტემბერს, ომის მონაწილე მეომრები და დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრები ერთად იკრიბებიან და ერთმანეთს ტკივილს უზიარებენ.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge