ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლების ინიციატივით და გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით, გორის რაიონის სოფელ თორტიზაში, 1992-1993 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგული ზაზა სირბილაძის სახელობის ქუჩა და მემორიალური დაფა გაიხსნა.
ზაზა სირბილაძეს, 29 სექტემბერს, 47 წელი შეუსრულდებოდა. ის იმ ქუჩაზე ცხოვრობდა, რომელსაც მისი სახელი მიენიჭა. ქუჩის გახსნის ცერემონიალზე შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს სამშობლოსთვის თავგანწირული ჯარისკაცი და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.ზაზა სირბილაძე 1992 წლის ოქტომბერში, გაგრაში მიმდინარე ბრძოლების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
‘’ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზაზას მიმართ იმ სამშობლოს ყურადღება, რომელსაც მან თავი შესწირა. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ჩემი შვილის სახელის უკვდავყოფაში წვლილი შეიტანა,’’-განაცხადა ზაზა სირბილაძის დედამ, ქალბატონმა თინა საღირაშვილმა.
ცერემონიალს ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ნუგზარ კაიშაური, უწყების შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი, ზვიად საბაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი, მერიის თანამშრომლები, ზაზა სირბილაძის ოჯახის წევრები და მეგობრები.