მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მოლდოვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ვეტერანთა და რეზერვისტთა ასოციაციების ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები, პოლკოვნიკები, ტუდორ სამოილენკო და ალექსანდრუ გორგანი ესტუმრნენ. როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შესახებ ბევრი რამ უკრაინელი კოლეგებისგან შეიტყვეს, რომელთაც, ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციით, ქართველების გამოცდილებაზე დაყრდნობით, უკრაინაში მსგავსი სტრუქტურის ვეტერანების საქმეთა სახელმიწფო სამსახური ჩამოაყალიბეს. უწყების დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, სტუმრებს ესაუბრა იმ გზის შესახებ, რაც ამ სამსახურმა ცალკე უწყებად ჩამოყალიბებამდე გაირა. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე, რაც მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, მაინც დგას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წინაშე. უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ნუგზარ კაიშაურმა კი მათ უწყების საქმიანობისა და სტრუქტურული მოწყობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
‘’ყოფილი სამხედრო მფრინავი ვარ და 24 წელი ვიმსახურე საქართველოში. როცა დღეს, ქართულ მიწაზე კვლავ დავდგი ფეხი, ისეთი განცდა დამეუფლა, რომ მეორე სამშობლოში ჩამოვედი. ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ საერთო. იგივე სატკივარი გვაქვს_ჩვენი სამშობლოს 20 პროცენტიც ოკუპირებული აქვს იმავე აგრესორს, რომელმაც საქართველოს აფხაზეთი და სამაჩაბლო წაართვა. მე სწორედ დნესტრისპირეთიდან ვარ. მიხარია, რომ ვეტერანებზე ზრუნვა, საქართველოში სახელმწიფო დონეზეა აყვანილი. ჩვენ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ თქვენგან, რომ ჩვენს ქვეყანაშიც მსგავსი სამსახური ჩამოყალიბდეს’’_ განაცხადა ალექსანდრუ გორგანმა.
‘’ჩვენი ორგანიზაციისთვის საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გამოცდილება განსაკუთრებით ღირებული და ფასეულია. თქვენ დონეს რომ მივაღწიოთ, ამისათვის დიდი გზა გვაქვს გასავლელი. თქვენი გამოცდილება ჩვენთვის ძალიან საინტერესოა’’‑ მიმართა ვლადიმერ იმნაძეს ტუდორ სამოილენკომ.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
მოლდოველი სტუმრები საქართველოში კიდევ 3 დღე დარჩებიან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის წარმომადგენლობების მუშაობას და მათი ურთიერთობის გამოცდილებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ადგილზე გაეცნობიან.