ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და პირველ არხს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ მოაწერეს.
„მიუხედავად იმისა, რომ პირველ არხთან ისედაც გვაკავშირებს მეგობრობა, დღევანდელი მემორანდუმით ურთიერთობები უფრო გაფართოვდება და ჩვენი მეგობრობა უფრო გაიზრდება. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამსახურისთვის, არამედ ყველა ვეტერანისთვის, უპირველეს ყოვლისა კი, მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი, ვეტერანების _ იმ ხალხის გამოცდილების გაზიარება, რომლებიც საქართველოს უახლეს ისტორიას ქმნიდნენ, ქართველი ახალგაზრდების პატრიოტულად აღზრდაში გამოგვადგება“, _ განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.
ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ მემორანდუმის გაფორმებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო ფორმატში გადადის.
„ორივე მხარემ მთელი რიგი ვალდებულებები ავიღეთ, თუმცა, სინამდვილეში, ეს ქვეყნის წინაშე ვალდებულებებს გულისხმობს. ვეტერანთა სამსახურში არსებობს დიდი ცოდნა, გამოცდილება; მათ დიდი ღვაწლი მიუძღვით ქვეყნის თავდაცვის საქმეში. მეორე მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი მოვალეობაა, ხელი შეუწყოს სამხედრო-პატრიოტულ აღზრდას. ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა. ამ ადამიანებს ხშირად დავინახავთ ეკრანებზე. ისინი თავის გამოცდილებასა და მსოფლმხედველობას გაუზიარებენ მაყურებელს. ამავე დროს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ახლა უკვე ელექტრონული ჟურნალი არსდება, თანდათან ვემზადებით ამ თემატიკის გადაცემისთვისაც“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.