მიმდინარე წლის 25 იანვარს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ორგანიზაციას ” ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალი” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.
მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.
ორგანიზაცია ” ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალი”, ქვეყნის მასშტაბით პერმანენტულად ატარებს უფასო სამედიცინო აქციებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის. ამიერიდან კი, ამ საქველმოქმედო აქციებში ვეტერანები ოჯახის წევრებთან ერთად ჩაერთვებიან და კვალიფიციური ქართველი და უცხოელი ექიმების მიერ სხვადასხვა სახის უფასო სამედიცინო მომსახურებებს მიიღებენ.
” დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი და წარმატებული.
ეს მემორანდუმი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვეტერანებთან ჩვენ ვართ ვალში. ჩვენი ვალდებულებაა დავეხმაროთ და მათ გვერდში დავუდგეთ.“- განაცხადა ორგანიზაციის ” ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლის” პრეზიდენტმა, ქეთევან ბარათელმა.
მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და ა(ა)იპ ორგანიზაციის ” ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლის” პრეზიდენტმა, ქეთევან ბარათელმა მოაწერეს.