მიმდინარე წლის 22 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ქალაქ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ლანჩხუთში აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული, ჯამბულატ ხოფერიას სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში გაიმართა. ტურნირი 12 წონით კატეგორიაში ჩატარდა და გამარჯვებულებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებას დაესწრნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მურთაზ გაბიტაშვილი, გურიის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები, გელა ბაქანიძე, ელგუჯა ჩხაიძე, გურიის გუბერნატორის პირველი მოადგილე, აკაკი შენგელია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე, ჯამბულატ ხოფერიას ოჯახის წევრები და თანამებრძოლები. ჯამბულატ ხოფერიას ხსოვნის პატივსაცემად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს. ტურნირი წელს პირველად გაიმართა და ამიერიდან ყოველწლიურად, ჯამბულატ ხოფერიას დაბადების დღეს, 22 მარტს ჩატარდება. ჯამბულატ ხოფერია 1993 წელს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს სოხუმში დაიღუპა. დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge