დღეს 9 აპრილის, ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და უწყების წარმომადგენლებმა, რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა არმიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი, ანტი-საბჭოთა, მშვიდობიანი, საპროტესტო დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც, 21 უდანაშაულო ადამიანი, უმეტესწილად, ქალები დაიღუპნენ; დაღუპულთა შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. 9 აპრილის დარბევის შედეგად, 4 ათასზე მეტი დემონსტრანტი სხვადასხვა სახის ტრავმით, საავადმყოფოში მოათავსეს. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით 2000-მდე მოქალაქე მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს, ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. ამდენად, საქართველოს უახლეს ისტორიაში, 9 აპრილი ეროვნული ტრაგედიისა და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ აღინიშნება. აზა ადამია, 22 წლის. ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის. ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის. ნატო გიორგაძე, 23 წლის. თამუნა დოლიძე, 28 წლის. თინა ენუქიძე, 70 წლის. ნინო თოიძე, 25 წლის. ზაირა კიკვიძე, 61 წლის. მანანა ლოლაძე, 33 წლის. თამარ მამულაშვილი, 50 წლის. ვენერა მეტრეველი. მამუკა ნოზაძე, 22 წლის. ნანა სამარგულიანი, 41 წლის. შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის. მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის. ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის. თამარ ჭოველიძე, 16 წლის. ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის. მზია ჯინჭარაძე, 43 წლის. მანანა მელქაძე, 23 წლის. გია ქარსელაძე, 25 წლის…
მადლობა თავისუფლებისთვის!
დიდება გმირებს!