მიმდინარე წლის 18 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს მეკლდეურობის ეროვნულ ფედერაციას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიხედვით, მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია, იღებს ვალდებულებას, უსასყიდლოდ მოემსახუროს მეკლდეურობით დაინტერესებულ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს და ხელი შეუწყოს სპორტის ამ პოპულარულ სახეობაში მომავალი თაობების აქტიურ ჩართულობას, რაც ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდისთვის უმნიშვნელოვანესია.
‘’ სპორტის ეს სახეობა მარტო ცოცვას არ მოიცავს; როცა ჩვენთან ბავშვები მოდიან, შეხება აქვთ ბუნებასთან. ერთმანეთს დაცვაზე უდგანან, უყალიბდებათ მეგობრობა, ერთმანეთზე ზრუნვა. სწავლობენ ცეცხლის, წყლის მოპოვებას ბუნებაში, სამაშველო სამუშაოებს.
ეს იქნება ჩვენი ფედერაციის მხრიდან სოლიდარობის გამოცხადება იმ ღვაწლმოსილი ვეტერანებისადმი, რომლებმაც სამშობლოსთვის ამხელა თავდადება გასწიეს,’’_ განაცხადა საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მირზა ლიპარტელიანმა.
მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მირზა ლიპარტელიანმა მოაწერეს.
მეკლდეურობით დაინტერესებულმა ბენეფიციარებმა და მათი ოჯახის წევრებმა უნდა მიმართონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.