მიმდინარე წლის 4 ივნისს, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ინიციატივით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ოზურგეთში ჩატარდა ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას სახელობის ტურნირი ჩოგბურთში, ახალგაზრდებს შორის, რომელშიც მონაწილეობას 22-მა ოზურგეთელმა სპორტსმენმა მიიღო. საპრიზო ადგილზე გასულ _ გივი სირბილაშვილს (I ადგილი), მამუკა კილაძეს (II ადგილი) და მამუკა ჩავლეიშვილს (III ადგილი), ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები და სიგელები, ზაზა დამენიას დედამ, ქალბატონმა ციური წერეთელმა გადასცა. პირველ და მეორე ადგილზე გასული ჩოგბურთელები, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ, სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ნუგზარ კაიშაური, უწყების გურიის სამმართველოს უფროსი, გელა ბაქანიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ირაკლი სირაძე, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი ვეტერანები და ზაზა დამენიას ოჯახის წევრები.
ტურნირის შემდეგ, ღონისძიების მონაწილეებმა ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინით შეამკეს და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
ზაზა დამენიას სახელობის ტურნირი ჩოგბურთში წელს დაარსდა და იგი ყოველწლიურად გაიმართება.
საქართველოს ეროვნული გმირი ზაზა დამენია, 1972 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ოზურგეთში დაიბადა. 1992 წლიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. 1993 წელს აფხაზეთში იბრძოდა. 1995 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2002 წლიდან, ზაზა დამენიამ სამხედრო სამსახური მე-11 მექანიზებული ბრიგადის მსუბუქი ქვეითი ბატალიონი „კომანდოს“ რიგებში გააგრძელა. 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან ერთად, „კომანდოს“ ბატალიონი, კონფლიქტის ზონაში, ქართული სოფლების დასაცავად გაიგზავნა. მოწინააღმდეგესთან შეიარაღებული დაპირისპირებების დროს, ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა, რომელთა შორის, ზაზა დამენია იყო.
2004 წლის 16 აგვისტოს, ზაზა დამენიამ, საკუთარი სიცოცხლის ფასად, თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა – კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და სამი ჯარისკაცი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა.
დაღუპვამდე ორი დღით ადრე, დამენიას, ჭურვის აფეთქების შედეგად, მხედველობა დაუქვეითდა, თუმცა, კაპრალმა პოზიციის დატოვებაზე უარი განაცხადა და თანამებრძოლების გვერდით დარჩა. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთებული მამაცობისთვის, 2004 წლის 24 აგვისტოს, ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.