მიმდინარე წლის 18 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის 78-ე შენაერთის მეთაურს, გენერალ ტომას ბლექსტოკს შეხვდა.
გენერლის უწყებაში სტუმრობის მიზანი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საქმიანობის ზოგადი მიმოხილვა და სამომავლო ურთიერთობების განხილვა იყო.
ვლადიმერ იმნაძემ, შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა ის განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელიც ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს აქვს. იგი გენერალ ტომას ბლექსტოკს ესაუბრა სამსახურის ადმინისტრაციული მოწყობის, მუშაობის სპეციფიკის, ძირითადი მიმართულებების, რეგიონული მართვის, პრიორიტეტების და იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც დღეს როგორც უწყების, ასევე მისი ბენეფიციარების წინაშე დგას. მან ყურადღება გაამახვილა პროექტების დაგეგვმვისა და მართვის ჯგუფზე, რომელიც უწყებაში შეიქმნა ვეტერანთათვის მცირე და საშუალო ბიზნესის დაგეგმვასა და წამოწყებაში ხელშესაწყობად. აღინიშნა ის წინაღობებიც, რომლებსაც ვეტერანები საკუთარი ბიზნესის წამოწყებისას აწყდებიან და რომელთა დაძლევის გზებიც უნდა გამოინახოს როგორც სახელმწიფოს, ასევე, პარტნიორი ქვეყნების დახმარებით.
‘’აღმოსავლურ ანდაზაშია, თუ ჩვენ ადამიანს მივცემთ თევზს, ის დღეს დაპურდება, ხოლო თუ თევზაობას ვასწავლით, ის დაპურებული იქნება არა მხოლოდ ერთი დღით, არამედ მთელი ცხოვრება’’ _ აღნიშნა გენერალმა ბლექსტოკმა.
ამერიკელმა სტუმარმა დაინტერესება გამოხატა კედიას ქუჩაზე მდებარე ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ, დაათვალიერა ახალგარემონტებული შენობა, სადაც აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს. ჰოსპიტლის დირექტორმა, ლევან ჯუღელმა, სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტაციონარში დღეს არსებული ვითარების და იმ პრობლემების შესახებ, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია, რათა ჰოსპიტალმა ფუნქციონირება დაიწყოს.
სტუმარმა უწყებას პრობლემური საკითხების მოგვარებაში დახმარება აღუთქვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ოფიცერი ორმხრივი ურთიერთობის საკითხებში, მაიორი კვენტინ დოლი, ამერიკის საელჩოს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის კოორდინატორი, დავით სანიშვილი, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მორალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი ბესარიონ ციბაძე და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო მოძღვარი (კაპელანი) დეკანოზი დავითი (ლონდარიძე).