მიმდინარე წლის 2 ივლისს, ტამიშის ბრძოლის 26-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და დირექტორის მოადგილეებმა, ნიკოლოზ კვეზერელმა, მირონ ჩიგოგიძემ, ჯანდრი უბირიამ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, თეიმურაზ ლორიამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა და ვეტერანებმა, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამშობლოსთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
მოგვიანებით, უწყების წარმომადგენლებმა და ვეტერანებმა, ასევე, გვირგვინით შეამკეს ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული მეომრების სახელობის მემორიალი ელიას მთაზე, რის შემდეგაც შავნაბადას მამათა მონასტერს ესტუმრნენ, სადაც მოძღვარმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული მებრძოლების სულთა მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან, აფხაზურმა მხარემ, რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი თითქმის ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ბრძოლაში ჩაერთო ყველა ქართული საბრძოლო შენაერთი; ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა მებრძოლებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები დაიბრუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს. სერიოზული დანაკარგების მიუხედავად, ქართველებს საბრძოლო თვალსაზრისით, სტრატეგიული ზონა მაშინ არ დაუთმიათ.
1993 წლის ივლისის ბრძოლები საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვისა და გმირობის უდიდესი მაგალითი.
დიდება გმირებს!