მიმდინარე წლის 3 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, ვლადიმერ იმნაძესა და ნაძალადევის რაიონის გამგებელს, ირაკლი ხელაძეს შორის, ნაძალადევის გამგეობაში შეხვედრა გაიმართა.
მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც ვეტერანთა სოციალური თუ ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტის კუთხით მათ წინაშე ჯერ ისევ მწვავედ დგას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთობლივად შემუშავებულ პროგრამებზე, რაც რაიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა როგორც ჯანმრთელობის, ისე, სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
‘’ მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ბატონო ირაკლი და მთელს თქვენს გუნდს, იმ ყურადღებისთვის, რასაც ჩვენი ვეტერანების მიმართ იჩენთ. გვესმის, რომ პრობლემები რაიონში ბევრია, მოსახლეობის დიდ ნაწილი სოციალური პრობლემების წინაშე დგას და ამ მხრივ, არც ვეტერანებია გამონაკლისი. ჩვენი ბენეფიციარების უდიდეს ნაწილი, განსაკუთრებით სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომების ვეტერანები, ომის შემდგომ ურთულესი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. მათ არანაირი რეაბილიტაცია არ გაუვლიათ, რამაც მათი დღევანდელი ცხოვრება კიდევ უფრო გაართულა. დასაქმების კუთხითაც უმწვავესი გამოწვევების წინაშე ვდგევართ. იმედია, თქვენთან თანამშრომლობით, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ბენეფიციარების წინაშე მდგარ ბევრ პრობლემას გადავლახავთ’’_ განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.
‘’ ვეტერანებს აუცილებლად სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა და ზრუნვა, ყურადღება. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ, ყურადღება მივაქციოთ ვეტერანების მხრიდან წამოსულ პრობლემებს და შესაძლებლობის ფარგლებში ვცდილობთ, დახმარება აღმოვუჩინოთ. პრობლემები მართლაც ბევრი გვაქვს, თუმცა, უნდა გამოვნახოთ გზები, შევიმუშავოთ ერთობლივი პროგრამები, რაც ამ დამსახურებული ადამიანების ცხოვრებას შეამსუბუქებს. მთელი ჩვენი გუნდი მონდომებულები ვართ, წვლილი შევიტანოთ ამ ადამიანების რეაბილიტაციის საკითხში. მე ვფიქრობ, რომ მათ ბევრი შეღავათი ეკუთვნით სახელმწიფოს მხრიდან, იმიტომ რომ მათ თავი გაწირეს ქვეყნისთვის. ეს არის სამაგალითო საქციელი და სამწუხაროდ ჯერჯერობით სათანადოდ არ არის დაფასებული, მაგრამ არის სასიკეთო ძვრები, რაც ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო გაღრმავდება.’’- განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, მალხაზ თოფურია, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ნუგზარ კაიშაური, უწყების წარმომადგენლები ნაძალადევის რაიონში, რევი კენჩხაძე, კობა დიასამიძე, ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილეები ნიკოლოზ კანდელაკი, ირაკლი ანდღულაძე, ბეჟან ხუციშვილი და ციცი მეგენეიშვილი.
შეხვედრის დასასრულს, ვლადიმერ იმნაძემ ირაკლი ხელაძეს და მის მოადგილეებს მადლობის სიგელები გადასცა და უწყების სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.