მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე და სამინისტროს დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი, ბესარიონ სიმონიშვილი უწყებას ესტუმრნენ. თავდაპირველად სტუმრებმა თბილისში, კედიას ქუჩაზე მდებარე ვ.სანიკიძის სახელობის ვეტერანთა ჰოსპიტალი მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ ჰოსპიტლის დღევანდელ მდგომარეობას.
ეკატერინე ტიკარაძეს ჰოსპიტალი დეტალურად დაათვალიერებინეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა ჰოსპიტალს დირექტორმა, ლევან ჯუღელმა. მინისტრი ჰოსპიტლის მედპერსონალს გაესაუბრა, მათი პრობლემები, საჭიროებები მოისმინა და ჰოსპიტლის წინაშე მდგარი მთავარი ამოცანების გადაჭრის საკითხებში დახმარებას დაჰპირდა.
ჰოსპიტლის დათვალიერების შემდეგ, ეკატერინე ტიკარაძე და ბესარიონ სიმონიშვილი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მივიდნენ, სადაც უწყების პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს, რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებს, მრჩეველთა საბჭოს წევრებს და ვეტერანთა სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რომლებიც დღესდღეობით ვეტერანთა წინაშე დგას; მხარეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ამ საკითხების გადაწყვეტა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვეტერანებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც, რადგანაც ვეტერანებზე ზრუნვა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია.
‘’ მადლობას მოგახსენებთ აქ მობრძანებისა და ჩვენი პრობლემების ახლოს გაცნობისთვის. ვეტერანები ის ხალხია, რომლებმაც უანგაროდ იბრძოლეს სამშობლოსთვის, მაშინ, როცა ამის საჭიროება დადგა და ისინი ნამდვილად იმსახურებენ მეტ დაფასებას. ყველაზე უფრო მეტად ვეტერანებს ყურადღება სჭირდებათ. თქვენ ჯანდაცვის პირველი მინისტრი ბრძანდებით, რომელიც უწყებას ესტუმრა; თუმცა წინა მინისტრის მიმართაც მადლიერებას გამოვხატავთ. იმედი გვაქვს, თქვენი ჩართულობით, ეტაპობრივად ყველა ის პრობლემა გადაწყდება, რომლის გადაჭრაც აქამდე ვერ მოხერხდა’’_ განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.
‘’არ მინდა, გავცე ის დაპირება, რომელსაც ვერ შევასრულებ. დღეს მოვედი თქვენთან, რათა შევხვედროდი ვეტერანთა ფართო სპექტრს და მათგან გამეგო ყველა ის საკითხი, რაც ამ დამსახურებულ ადამიანებს აწუხებთ. დიდი სურვილი მაქვს, ჩემი წვლილი შევიტანო ვეტერანებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში’’_ ბრძანა ეკატერინე ტიკარაძემ.
მხარეები შეთანხმდნენ, აღნიშნული პრობლემების ეფექტური და დროული გადაწყვეტისთვის, შეიქმნას ორმხრივი სამუშაო ჯგუფი,
აღსანიშნავია, რომ პირველი, გაცნობითი შეხვედრა ვლადიმერ იმნაძესა და მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის, მიმდინარე წლის 30 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შედგა. აღნიშნულ შეხვედრაზე, ეკატერინე ტიკარაძე ვლადიმერ იმნაძეს დაჰპირდა, რომ ვეტერანების ყველა პრობლემას და საჭიროებას პირადად გაეცნობოდა.