მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 11-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, ვლადიმერ იმნაძესთან, მოადგილეებთან, ნიკოლოზ კვეზერელთან და ჯანდრი უბირიასთან, ‘’საქართველოს გენერალთა კლუბის’’ წევრებთან, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებთან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ომებში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა მშობლებთან და ოჯახის წევრებთან, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრა გამართა. თავის მისასალმებელ სიტყვაში, პრეზიდენტმა ისაუბრა ოკუპაციის სიმძიმეზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, ყოველდღიურ ტრაგედიად იქცა; აღნიშნა, რომ ოკუპაციას საქართველო არასოდეს შეეგუება. ოკუპაციაზე ქვეყნის პასუხი უნდა იყოს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგრადობა, განვითარების გზის გაგრძელება. ხაზი გაუსვა ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენის აუცილებლობას, ქვეყნის სტაბილურ, მშვიდობიან სვლას ტერიტორიული მთლიანობისაკენ.
პრეზიდენტმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო და შეკრებილთ სამშობლოს ერთიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა:
‘’მთავარსარდლისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ დღეს, 7 აგვისტოს თქვენ გხვდებით. დღეს არა მხოლოდ ჩვენი უკანასკნელი ტრაგედიის დღეა.. მინდა, ეს დღე იყოს სიმბოლო იმისა, რომ თქვენი პრეზიდენტი ვეტერანებს და მათ ღვაწლს არ ივიწყებს. თქვენს მიმართ ყურადღება არის ჩემი მოვალეობა, ეს არის სრულიად საზოგადოების ვალი თქვენს წინაშე. უნდა ვაღიაროთ, რომ უდიდესი წვლილის შეტანის მიუხედავად, თქვენ არ სარგებლობთ ამ ქვეყანაში იმ სტატუსით, რომელიც დაიმსახურეთ და გეკუთვნით… ქვეყანა და მისი ღირსება იზომება სწორედ იმით, თუ როგორ ეპყრობა თავის ვეტერანებს. ამიტომაც საჭიროა, რომ ვეტერანების დაფასება და პატივისცემა ისწავლებოდეს ბავშვობიდან ოჯახებში და სკოლებში, რადგანც ეს ნიშნავს საკუთარი სახელმწიფოს პატივისცემას… თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელთაც ყველაზე კარგად იცით მშვიდობის ფასი, ომის ტრაგედია. ყველაზე კარგად იცით, რომ ამ ქვეყანას აღარ სჭირდება ასეთი განსაცდელი, მაგრამ ასევე ყველაზე კარგად იცით, რომ თუ საჭირო გახდა, თავის ადგილზე უნდა იყოს ყველა და უნდა იცავდეს ამ ქვეყანას, მის საზღვრებს, მის მომავალს. ამიტომ ვართ აქ ყველანი ერთად. მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ არა მხოლოდ აქ მობრძანებისთვის, არამედ მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რაც ხართ, რაც გიკეთებიათ ამ ქვეყნისთვის და რასაც იმედი მაქვს, ყველანი ერთად, კიდევ გავაკეთებთ’’_ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, მალხაზ თოფურიამ საქართველოს პრეზიდენტს ვეტერანების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტს სიტყვით მიმართა ბელა ზალდასტანიშვილმა, რომელმაც აფხაზეთის ომში 2 ძმა და 2 შვილი დაკარგა. მან პრეზიდენტის მიმართ მადლიერება გამოხატა და ვეტერანთა პრობლემების მოგვარებაში დახმარება სთხოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის, ვეტერანები: ზურაბ ადუაშვილი, გრიგოლ ტოგონიძე და ჯიმი ინატაშვილი მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დააჯილდოვა.