მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, უკრაინის დედაქალაქ კიევში, საქართველოს საელჩოში, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა, უკრაინაში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელთან, უფროს სამედიცინო მრჩეველთან ვეტერანთა მომსახურების და ჯარისკაცთა რეაბილიტაციის დარგში, ქალბატონ შერი მიშელთან.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა შეხვედრაზე ისაუბრა უწყების მუშაობის პრინციპის, პრიორიტეტების, ვეტერანთა სოციალური, ჯანდაცვის და დასაქმების საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ შერი მიშელი საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში მუშაობდა სხვადასხვა პროექტებზე და მისთვის გარკვეულ წილად ცნობილია ქართველი ვეტერანების და ჯარისკაცების საჭიროებები და პრობლემები. შეხვედრაზე მერი მიშელმა ქართულ მხარეს ვეტერანების სოციალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით ბევრი სასარგებლო და საინტერესო რეკომენდაცია მისცა.
მისი განცხადებით, ვეტერანების ფსიქორეაბილიტაციის საკითხებზე მუშაობისას ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა. მან ასევ ისაუბრა უკრაინაში არსებულ „ვეტერანების სახლზე“, რომელიც ვეტერანების ფსიქორეაბილიტაციის მიზნით არის შექმნილი. მისი განცხადებით, „ვეტერანის სახლში“ ჰყავთ ექიმები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და მომსახურე პერსონალი, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ ვეტერანებს პრობლემების გადაჭრაში დაეხმარონ.
შეხვედრაზე გაჩნდა იდეა, რომ მსგავსი ტიპის „ვეტერანების სახლი“ საქართველოშიც გაიხსნას, რომელიც ქართველ ვეტერანებსაც მნიშვნელოვნად გაუადვილებს ფსიქორეაბილიტაციის პროცესს.
შეხვედრას ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროტოკოლის განყოფილების უფროსი, ეკატერინე ფაჩულია და და საქართველოს თავდაცვის ატაშე უკრაინაში, ლევან გამყრელიძე.