მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, დიდუბის საგამოფენო დარბაზის “Expo Georgia”-ს მე-3 პავილიონში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ღონისძიება სახელწოდებით – “არ დამივიწყო” წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობამ მიიღეს: გაუჩინარებულ პირთა ოჯახის წევრებმა, ფონდი “მოლოდინისა” და ოჯახური კომიტეტების წევრებმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოში, სევერიან შაპაზმა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილე მირონ ჩიგოგიძე, უწყების თანამშრომლები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გოგი ფაცაცია, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები, უგზოუკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები და ახლობლები.
მოგვიანებით, ვაშლიჯვარში ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანეზე“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა დაღუპულთა საფლავები გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს. ‘’გმირთა სავანეზე’’ დაკრძალულნი არიან 1991-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული პირები, რომლებიც წლების განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და დაკარგულთა ოჯახების ერთობლივი ძალისხმევით, მათი სამარხების მოძიება და ნეშტების კონფლიქტის ზონიდან გადმოსვენება გახდა შესაძლებელი.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დღე 1981 წელს, კოსტა რიკაში, ლათინურ ამერიკაში დაარსდა. საქართველოში კი ამ დღეს ოფიციალურად, 2003 წლიდან აღნიშნავენ.
საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2300-ზე მეტი პირი დღემდე დაკარგულად ითვლება.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დღე ასევე აღინიშნა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში.