მიმდინარე წლის 9-15 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსთან, ნუგზარ კაიშაურთან და უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ილიას რიზაევთან ერთად, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარასა და გურიაში იმყოფებოდა, სადაც რეგიონული სამმართველოების უფროსებთან და ადგილობრივ ვეტერანებთან შეხვედრები გამართა და უწყების ბენეფიციარებისათვის აქტუალურ თემებზე ისაუბრა. ამბროლაურში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და ბათუმში შეხვედრების დროს, ვლადიმერ იმნაძემ განიხილა კანონი თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო -სარეზერვო სამსახურის შესახებ და კანონი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, რომლებიც ამ სფეროებში ვეტერანთა ფართო ჩართულობას გულისხმობს.
ვლადიმერ იმნაძემ შეხვედრები გამართა ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერთან, ლელა სურმანიძესთან, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან, ირაკლი პატარიძესთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან, კონსტანტინე შარაშენიძესა და საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან. უწყების დირექტორმა ვეტერანთა სოციალური და ჯანდაცვის კუთხით გაწეული მუშაობისთვის მათ მადლობა გადაუხადა. მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს სამომავლო გეგმებსა და ერთობლივ პროექტებზე, რომლებიც ვეტერანთა სოციალური და ეკონომიური პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს.
ნუგზარ კაიშაური და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, მერაბ ხალვაშს შეხვდნენ და ვეტერანთა შვილებისთვის, საგადასახადო შეღავათების დაწესებასა და, ასევე, აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამებზე და სამომავლოდ დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრეს. მერაბ ხალვაშმა სტუმრებს მხარდაჭერა აღუთქვა.