მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ ჩოხატაურელ მებრძოლთა სახელობის ღია პირველობა ბაზიერობაში.
ჩემპიონატში მონაწილეობდნენ ჩოხატაურის, მარტვილისა და ხონის მუნიციპალიტეტების, ქ. ფოთისა და აჭარის ა/რ-ის გუნდები. საპრიზო პირველი და მეორე ადგილი ჩოხატაურის გუნდებმა, ხოლო მესამე _ ფოთის ნაკრებმა დაიკავა, რომელთაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მედლები, თასები, სამახსოვრო საჩუქრები და, ასევე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს უფროსი, გელა ბაქანიძე თანამშრომლებთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მინდია ჟღერია, მერიის პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, ვეტერანები, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში დაღუპულ ჩოხატაურელ მებრძოლთა სახელობის ტურნირი ბაზიერობაში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ჩოხატაურელ ბაზიერთა ინიციატივით დაარსდა, წელს პირველად ჩატარდა და ყოველ წელს, 26 სექტემბერს გაიმართება