ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილის, ნიკოლოზ კვეზერელის ინიციატივით, რომელიც, ასევე, გახლავთ საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, განხორციელდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ჭაუხის ხეობაში მდებარე უსახელო მწვერვალის დაპყრობა, რომელსაც „ვეტერანი“ დაერქვა.
მწვერვალზე, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 3320 მეტრია, პირველი ასვლა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა და ვეტერანებმა წარმატებით განახორციელეს. მწვერვალზე დაიდგა მემორიალური ბანერი, სიტყვებით – “ვეტერანი” – 2019 წლის 17 ოქტომბერი.’’
“მწვერვალ “ვეტერანს”, მისი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, უამრავი ტურისტი, ალპინისტი, ვეტერანი მოინახულებს და ყოველი ასვლა ამ მწვერვალზე იქნება იმ გმირებისთვის პატივის მიგება, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა. მინდა ყველა ვეტერანმა გაითავისოს, რომ ეს მწვერვალი არის მისი სახელობის.”- აღნიშნა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელმა, მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ვიცე – პრეზიდენტმა, მირზა ლიპარტელიანმა.
სამსახურის თანამშრომლებსა და ვეტერანებს მწვერვალზე ასვლაში დახმარება და მეგზურობა გაუწიეს საქართველოს მეკლდეურთა კლუბ ‘’ვერტიკალისა’’ და „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის’’ წარმომადგენლებმა.
ვეტერანის დღე 2014 წლის 17 ოქტომბერს დაარსდა და წელს მეხუთედ აღინიშნება.