კობა კობალაძე: ‘’ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი და თავისუფალი საქართველო ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად!’’
დღეს, სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, მთავრობის წევრებთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოსათვის, ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას, პატივი, კიდევ ერთხელ მიაგო.
” ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. პირველ რიგში, მივუსამძიმრებ ყველა ოჯახს და მთლიანად საქართველოს, რამეთუ ტკივილი იყო განუყოფელი. უნდა ვისწავლოთ მშვიდობით და მეგობრობით თანაცხოვრება. ეს ქვეყანა უნდა იყოს ძლიერი და თავისუფალი. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ომს ჩვენთვის კარგი არაფერი მოუტანია, ჩვენ ყველა ვართ განწირული ძმობისთვის და თანაცხოვრებისთვის, ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი და თავისუფალი საქართველო ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად,’’-აღნიშნა კობა კობალაძემ.
სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, გმირთა მოედანზე, ასევე, იმყოფებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები_ მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, უწყების თანამშრომლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, აფხაზეთის ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები, მოქალაქეები.
სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, დღეს, 27 სექტემბერს, ჩვენი ქვეყნის ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე, სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
სამხედრო დაპირისპირება, აფხაზეთში, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილო- კავკასიელი კონფედერატების, კაზაკებისა და რუსული შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის მიერ, ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასი კი _ საკუთარი სახლებიდან დევნილად იქცა.