ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე მსოფლიოში ლიდერი საპროთეზო ცენტრის „OttoBock”-ის აღმოსავლეთ ევროპის ზონის მენეჯერს დიმიტრი დანიჩენკოს შეხვდა. შეხვედრას სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი თეა ერისთავი დაესწრნენ. ვიზიტის მიზანია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან 2015 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა. ვიზიტის ფარგლებში მოინახულებენ იმ პაციენტებს, რომლებსაც პროთეზირება უკვე ჩაუტარდათ. ასევე ახალი ბენეფიციარების საჭიროებების შესწავლა მოხდება. 2015 წლიდან დღემდე, მემორანდუმის ფარგლებში, 78 ამპუტანტ ვეტერანს მაღალ ტექნოლოგიური პროთეზი დაუმზადდა. კომპანია „OttoBock“-ს არსებობის 90 წლიანი ისტორია აქვს და ამჟამად 50–ზე მეტი ფილიალი ფუნქციონირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანიის მიზანია ადამიანებს მობილურობის აღდგენაში დაეხმაროს და ხელი შუწყოს, შეუნარჩუნოს ან გააუმჯობესოს ის აქტივობები და შესაძლებლობები, რაც მათ გააჩნიათ. ამისთვის საუკეთესო ხარისხის მაღალ ტექნოლოგიურ პროთეზებს ამზადებენ და რეაბილიტაციას უწევენ პაციენტებს.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge