ელიას მთაზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა განახლებული მემორიალი გაიხსნა.მონუმენტს ოთხივე მხრიდან 110 მებრძოლის გვარ-სახელი და საქართველოს რუკა ამშვენებს.განახლებული მემორიალი საინგილოს მე-5 ჩიხში არსებულ სკვერში მდებარეობს. სხვადასხვა დროს აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენდა შავნაბადას ბატალიონისა და არტილერისტთა ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილს, სადაც აღიმართა პირველი სახით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ობელისკი. ცერემონიას წინ უძღოდა მემორიალის კურთხევა. მსახურება შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა მამა დავით ლონდარიძემ ჩაატარა. განახლებული მემორიალი ოფიციალურმა პირებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გახსნეს. ბიჭუნათა ფოლკლორულმა ანსამბლმა”მართვემ” გმირების ხსოვნას პატივი ქართული ხალხური სიმღერებით მიაგო. სტუმრებს სიტყვით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ მიმართა. თანამებრძოლებმა და ოჯახის წევრებმა სტუმრებთან ერთად მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. აღიმართა საქართველოს დროშა და შესრულდა ეროვნული ჰიმნი. მემორიალის გახსნას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ვეტერანები და დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრები დაესწრნენ. დროთა განმავლობაში დაზიანებული ობელისკი ქალაქ თბილისის ისნის რაიონის გამგეობამ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით აღადგინა. მემორიალის გახსნის ცერემონია ქალაქ თბილისის ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ეროვნული გვარდიის ხელშეწყობით გაიმართა.