ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნა. ქვაჯვარი, სადაც მეომრების სახელები და გვარები ოქროს ასოებით არის ამოტვიფრული, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა აკურთხა. ცერემონიას გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრების გარდა ესწრებოდნენ სხვადასხვა ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. თავდაცვის მინისტრი უწყების სხვა თანამშრომლებთან ერთად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი,გენერალ მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია,შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, გენშტაბის დაქვემდებარებული სარდლობების და დეპარტამენტების უფროსები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატი, კობა კობალაძე, ქალაქ რუსთავის მერი დავით ჯიქია და სხვები. წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის საძირკველი 2009 წელს ჩაეყარა და საქართველოს უწმინდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შენდებოდა. ტაძარი აგვისტოს ომის რუსთაველი გმირის, ვახტანგ გზირიშვილის დედის – მარინა გზირიშვილის ძალისხმევითა და შემოწირულობებით, რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპული გმირების სახელზე აიგო.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge